ოთარ დანელიამ ბათუმში მანდარინის ჩაბარების საკოორდინაციო შტაბი გახსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით ბათუმში საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

შტაბში ამოქმედდა ცხელი ხაზი 247 01 01, რომელიც 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს. მინისტრმა ასევე დაათვალიერა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელ-შემფუთავი საწარმო შპს "აგროინვესტსერვისი", რომელიც ციტრუსის სეზონზე გაიხსნება.  როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შარშანდელთან შედარებით წელს 40 ათასი ტონით მეტ მოსავალს ელოდებიან, რისთვისაც დამატებით ახალი მარშრუტები, ტრანსპორტი და ექსპორტის თვალსაზრისით ახალი ოპერატორები დაემატება. "გავხსენით შტაბი და ადგილზე ვეცნობით ახალ სიმძლავრეებს, მათ შორის ეს ქარხანაც გახლავთ დამატებითი სიმძლავრე. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ხდება ევროსტანდარტების შესაბამისად. შტაბი არის სრულ მზადყოფნაში და სწრაფი რეაგირებისთვის ცხელი ხაზი იმუშავებს. ჩვენ ველოდებით 40 ათას ტონამდე დამატებით მანდარინის მოსავალს შარშანდელთან შედარებით. დამატებულია ასევე, ექსპორტის თვალსაზრისით რამდენიმე ოპერატორი, ახალი მარშრუტები, ახალი ტრანსპორტი. მნიშვნელოვნად შემცირებულია ტრანსპორტის ღირებულებები. ასევე, ჩვენ გვაქვს სიახლე ექსპორტიორებისთვის, მათ ვთავაზობთ შეღავათიან აგროკრედიტს, რომელიც იქნება გამყარებული სახელმწიფოსგან 50%-იანი გარანტიით", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, კომპანიები, რომლებიც ერთ კილოგრამ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 10 თეთრს ოდენობით სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინში გლეხი 20 თეთრს აიღებს. მინისტრის თქმით, ნარინჯისფერი რთველის პერიოდში არ ელოდებიან არანაირ პრობლემებს არც რეალიზაციის და არც სამრეწველო გადამუშავების ციტრუსის ჩაბარების თვალსაზრისით. "ჩვენი მოლოდინია, რომ ციტრუსის სეზონზე არანაირი პრობლემა არ იქნება არც რეალიზაციის და არც სამრეწველო გადამუშავების ციტრუსის ჩაბარების თვალსაზრისით. მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ არასტანდარტულ ციტრუსს ყრიდნენ, ჩვენ კი რეალურად ვთავაზობთ შეხიდებას, რომ გადასაყრელი არ იყოს და სარგებელი ნახონ. ეს იყო ყველაზე რთული მიმართულება ციტრუსის ნარინჯისფერი რთველის პერიოდში და ჩვენ ეს პრობლემა აღმოვფხვერით ჯერ კიდევ შარშან. წელს კი ამ მხრივ პრობლემებს არ ველოდებით. არასტანდარტულ მანდარინში საწარმოსგან მინიმუმ 20 თეთრს მიიღებენ, მათ შორის იქნება სახელმწიფო სუბსიდია 10 თეთრი. ანუ, 10 თეთრს გადაიხდის ქარხანა, 10 თეთრს სახელმწიფო და გლეხი მიიღებს გარანტირებულ 20 თეთრს", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

შპს "აგროინვესტსერვისმა" შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 240 ათასი აშშ დოლარით ისარგებლა და თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზებით აღიჭურვა. საწარმოს 24 საათის განმავლობაში შეეძლება 150 ტონა ციტრუსის მიღება-დახარისხება და პარაფინირება.