როშკადან არხოტისკენ გზას ხევსურები მიაცილებენ

ხევსურეთში, სოფელ როშკადან არხოტის ხეობამდე გზის გაყვანა დაიწყო. როშკა პირაქეთა ხევსურეთშია, არხოტი - პირიქითაში.­ დღემდე ამ ორ მხარეს ერთმანეთთან მხოლოდ საცალფეხო ბილ­იკი აკავშირებდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფ­რასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტი 2017 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს. გზა გრუნტის იქნება, ასფალტის ან ბეტონის საფრის გარეშე - რელიეფის და კლიმატის გამო სხვანაირად შეუძლებელიაო, თუმცა, ახალ გზაზე ავტომობილებით დაუბრკოლებლად ივლით. სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ როშკიდან არხოტამდე გზა ზამთარშიც არ ჩაიკეტება,­ არადა, შატილსა და მუცოში ზამთარში მხოლოდ შვეულმფრენით შეიძლება ჩასვლა. ოდესღაც არხოტის თემში, რომელიც სამი სოფლისგან შედგება, ხალხმრავლობა იყო. ახიელი, ამღა და ჭიმღა მჭიდროდ დასახლებული ყოფილა. არხოტიონები ოდითგანვე საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის თავიანთ წილს იცავდნენ, ვიდრე, ერთ ტრაგიკულ დღეს, ხეობიდან არ გამოასახლეს, თუმცა, ზოგი ჯიუტი აღმოჩნდა და უკან დაბრუნდა. სანამ შეეძლოთ, სხვის სახლებ­საც ჰპატრონობდნენ, ახლა კი სამივე სოფ­ელში თითო-თითო ოჯახი ცხოვრობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს მუნიციპალური ფონდის მონაწილეობით შექმნილ ამ პროექტს შეიძლება "საუკუნის პროექტი" ეწოდოს.

"გზას ათეულობით ოჯახი ელის, რომ მთაში დაბრუნდეს. ამ გზით საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას ვუკავშირებთ. საზღვართან კვლავ იქნება დიდი დასახლება, განვითარდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, ტურიზმი. სხვა ბევრი სიკეთეც მოჰყვება გზას, რომელიც 28 კმ-ზე გაიჭრება.

იქით ზამთარი შედარებით რბილია, ამიტომ თუ ამინდმა დაგვაცადა და მძიმე ტექნიკის რამდენიმე ერთეულის პირიქითა მხარეს გადასროლა მოვასწარით, შეიძლება გაზაფხულამდე შეუჩერებლადაც კი ვიმუშაოთ. ამ შემთხვევაში პროექტი უფრო ადრეც დასრულდება. გზა რომ გავჭერით, პირველად ვიყავი არხოტისკენ. იქაურები ავტომობილებით მისდევდნენ მძიმე ტექნიკას, როშკიდან არხოტისკენ გზას ხევსურები მიაცილებდნენ. მათი სიხარული მეც გადმომედო. რომ ვხედავდი, როგორ აფართოებდა საცალფეხო ბილიკს მძიმე ტექნიკა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც დაკარგულის დასაბრუნებელ გზას მივაგენით. ახალი გზის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რამდენ მომხმარებელს სჭირდება იგი, რამდენი ოჯახი ცხოვრობს­ მიმდებარე ტერიტორიაზე. არხოტში,­ ფაქტ­ობრივად, აღარავინ ცხოვრობს და ხევსურები იქ გზასთან ერთად უნდა დაბრუნდნენ", - ამბობს ილია დარჩიაშვილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, რომ არა მამა იოსები, შეიძლებოდა, როშკიდან არხოტამდე გზა კვლავაც ოცნებად დარჩენ­ილიყო. ფშავ-ხევსურების სულიერ მოძღვარს კაბინეტ-კაბინეტ კარგა ხანს უვლია, რომ ოცნება საქმედ ექცია.

დეკანოზი იოსებ გაჩავა: "4 წლის წინ მიმავლინა პატრიარქმა ფშავ-ხევსურეთის­ ეპარქიაში. იქ გავიცანი ომარ ჯაბუშანური­ - ჩემი საყვარელი არხოტიონი პოეტის, გაბრიელ ჯაბუშანურის, ძმისშვილი. მისგან გავიგე, რომ არხოტიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახვედრად ხევსური ჯერ რუსეთში, ვლადიკავკაზში უნდა ჩასულიყო და მერე ლარსიდან დაბრუნებულიყო სამშობლოში. გადავწყვიტე, რაღაც გამეკეთებინა.

პატრიარქიც ჩართული იყო ამ საქმეში, ყოველ მეორე დღეს ანგარიშს მთხოვდა, საქმე როგორ არისო.

ახლანდელი იმერეთის გუბერნატორი გივიკო ჭიჭინაძე ავიყოლიე და დავიწყეთ კარდაკარ სიარული. კაბინეტებიდან, ძირითადად, ხელმოცარული გამოვდიოდით. ზოგმა ისიც არ იცოდა, არხოტი სად იყო. ზოგი გვეუბნებ­ოდა, მანდ ცოტა ხალხი ცხოვრობს, გზა რა საჭიროაო. ასეთებს არ ესმით, თანამდებობა უდიდესი პასუხისმგებლობა რომ უნდა იყოს. ბოლოს, როგორც იქნა, რეგ­იონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შევხვდი გულიან ხალხს და აი, არხოტისკენ უკვე გზით მივ­იწევთ და არა - ბილიკით. ამ ადამიანებ­საც შეეძლოთ ეთქვათ, ახლა ქვეყანას უამ­რავი სხვა საფიქრალი აქვს და მაგისთვის არ გვცალიაო. არადა, რა უნდა იყოს ქვეყნ­ისთვის საზღვრის გამაგრებაზე უკეთესი საქმე? როგორც ვიცი, 56 ოჯახი აპირებს უკან დაბრუნებას. დიდი პროგრამა გვაქვს. არხოტში უნდა აღდგეს სკოლა, გაკეთდეს გაბრიელ ჯაბუშანურის მუზეუმი. მეორე წელია, ასკანელი ზურა ჩხაიძის დახმარებით დავაწესეთ გაბრიელის სახელობის ლიტერ­ატურული პრემია და ხევსურ ახალგაზრდა პოეტებს გადავცემთ. ზურა გეგმავს, გზის დასრულების შემდეგ არხოტში ჩატარდეს პენ-მარათონი. ლიტერატურული პრემიებიც აქ გავცეთ. მიხარია, რომ უკვე ხუთ კილომეტრზე მეტია გაჭრილი. არადა, თავიდან კაბინეტებში მოსიარულე, ერთადერთ ტრაქტორს ვითხოვდი, რომ გზა ისე გამეჭრა, პირუტყვს იოლად გავლა შესძლებოდა."

ხრუშჩოვის შურისძიება

1930 წელს არხოტში 130 ოჯახი ცხოვრ­ობდა. არხოტის დაცლა 1944 წელს დაწყებულა, როდესაც ინგუშეთიდან ადგილობრივი მოსახლეობა გაასახლებინა სტალინმა. მაშინ ხევსურებს შესთავაზეს ინგუშების ნასოფლარებში დასახლება.

ომარ ჯაბუშანური: - ინგუშეთში ვიზრდებოდი. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, 1956 წელს, ერთ დღეს როგორ გამოგვიცხადეს, რომ ინგუშეთიდან წამოსასვლელად 24 საათს გვაძლევდა მთავრობა. ხრუშჩოვმა სტალინის პიროვნების კულტი რომ დაგმო, გადაწყვიტა, ყველასთვის ევნო, ვისაც, მისი აზრით, ჯუღაშვილი სწყალობდა.­ მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინის ბრძანებით, მთიელები ომში არ გაიწვიეს - კავკასიის დასაცავად უკეთესი მეომრები არ მეგულებაო. ხრუშჩოვმა ეს ჩვენს მფარველობად მიიჩნია და რადგან მკვდარ სტალინზე ვერ იძიებდა შურს, უმაქნისებად მოგვნათლა, ხევსურები მთაში არაფერს აკეთებენ, ბარში ჩამოიყვანეთ და კოლექტივში დაასაქმეთო. ასე დაცარიელდა ჩვენი მხარე. გარდაბნის და დედოფლისწყაროს რაიონებში გაგვანაწილეს. 1983 წელს პირველი "შატილობა" რომ გაიმართა და შევარდნაძე ხევსურეთის აღორძინებას დაგვპირდა, 30 ოჯახი დაბრუნდა არხოტში, მაგრამ უყურადღებობის გამო წლების მერე ისევ ბარს მოაშურეს. იმის გამო, რომ არხოტში სკოლა და საავადმყოფო არ არის, ოჯახები ბარში ჰყავთ­ და თვითონაც აქეთ დადიან. ახლა განსაკუთრებით ხარობენ გზის მშენებლობით. პატრიარქმა გვითხრა, თუ დაბრუნდებით, ოთხმა ბავშვმაც რომ იცხოვროს არხოტში, მასწავლებლებსაც დაგიქირავებთ და ექიმსაცო.

ეკა ლომიძე

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"