წყალმომარაგების კომპანიიდან სამ მილიონამდე თანხის მითვისების საქმეზე ბრალდებული სასამართლოს ჩვენებას მისცემს

წყალმომარაგების კომპანიიდან სამ მილიონამდე თანხის მითვისების საქმეზე დღეს კომპანიის მთავარი ბუღალტერი, ბრალდებული თამარ ფხოველიშვილი სასამართლოს ჩვენებას მისცემს, - ამის შესახებ ფხოველიშვილის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებული დღეს დუმილს დაარღვევს. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.  საქმე ეხება წყალმომარაგების კომპანიიდან ფულადი თანხების, დაახლოებით სამ მილიონამდე ლარის მითვისების ფაქტს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში სამი პირია მიცემული. მათ შორის კომპანიის მთავარი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი, ასევე, მისი მეუღლე და კიდევ ერთი პირი.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების დროს ბრალდებულმა თამარ ფხოველიშვილმა დანაშაულის ჩადენაში ამხილა კომპანიის ყოფილი დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, თუმცა, დაცვის მხარის ინფორმაციით, ამ კუთხით გამოძიება არ ჩატარებულა. ცაბუტაშვილი ამ საქმეზე წინა სხდომაზე დაიკითხა. ასევე, დაცვის მხარის ინფორმაციით, თამარ ფხოველიშვილი მას შემდეგ, რაც დუმილს დაარღვევს, სრულად ამხელს "იმ კორუფციულ სქემებს, რომლის სათავეშიც ბრალდებულის განმარტებით, ცაბუტაშვილი იდგა".

ერთ-ერთ წინა სხდომაზე ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომელიც ცაბუტაშვილმა დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ იგი ზვიად ჯანყარაშვილის ოჯახის ახლობელია.