ოზურგეთში მცხოვრები 5 000 -ზე მეტი ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს

ოზურგეთში მცხოვრები 5 000-ზე მეტი ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ოზურგეთში ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.  სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია და იგი გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ოზურგეთში მცხოვრები 5 000-ზე მეტი ოჯახი 17-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და წყლის დანაკარგი შემცირდება. ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. სამშენებლო სამუშაოებზე 65 ადამიანია დასაქმებული.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით კიდევ 24 ქალაქში ახორციელებს.