ეროვნული ბანკი ლარის შემოსავლიანობის ინდიკატორული მრუდის რეგულარულ გამოქვეყნებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეიდან ლარის შემოსავლიანობის ინდიკატორული მრუდის რეგულარულ გამოქვეყნებას იწყებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მრუდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ექსპერტების დახმარებით, EBRD-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდა. "შემოსავლიანობის მრუდი ფინანსური ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ის გვაჩვენებს ურისკო საპროცენტო განაკვეთებს ყველა ვადიანობის ინსტრუმენტისთვის. ფინანსური ბაზრის მონაწილეებს მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც ინდიკატორული მაჩვენებელი, ლარის ფასიანი ქაღალდების ფასის განსაზღვრისა და პროგნოზირებისათვის პირველად თუ მეორად ბაზარზე. შესაბამისად, ლარის შემოსავლიანობის მრუდი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და მისი მიმზიდველობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. შემოსავლიანობის მრუდი ემიტენტებს და ინვესტორებს გაუადვილებს საორიენტაციო საბაზრო ფასის დადგენას ახალ ემისიებსა და ბაზარზე არსებულ ნებისმიერი ვადიანობის მქონე ფასიან ქაღალდზე, როგორც ურისკო ასევე კორპორატიული ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. შემოსავლიანობის მრუდი ასახავს ბაზრის მოლოდინებს საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის სამომავლო დინამიკის შესახებ, შესაბამისად, იგი ანალიტიკოსებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ლარის შემოსავლიანობის მრუდი ათ წლამდე პერიოდს მოიცავს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები არის ურისკო და ყველაზე ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტი ქვეყანაში. მთავრობის ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონები იმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით. კალენდარი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ვებგვერდებზე. აუქციონებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, როგორც რეზიდენტს ისე არარეზიდენტს. მთავრობის ფასიანი ქაღალდების შეძენა შესაძლებელია კომერციული ბანკების ან გლობალური ქასთოდიანების (ბანკი სადაც ინახება ფასიანი ქაღალდები) მეშვეობით. მომსახურების პირობები და მეორად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ფასები გამოქვეყნებულია წამყვანი კომერციული ბანკების ვებგვერდებზე.

ლარის შემოსავლიანობის მრუდი ოთხშაბათობით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის დასრულების შემდეგ, 15:00 საათზე განახლდება. არსებული ისტორიული მონაცემთა ბაზა მოიცავს ყოველკვირეულ მონაცემებს 2013 წლიდან. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის მრუდების შედარება ერთმანეთთან და მონაცემების ჩამოტვირთვა ექსელის ფორმატში. შემოსავლიანობის მრუდი განთავსებულია ეროვნული ბანკი ვებგვერდზე მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=643 და აგრეთვე აქვს საკუთარი გვერდი, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ სხვა სუბიექტებს საკუთარ ვებგვერდზე შემოსავლიანობის მრუდის გამოქვეყნების მიზნით - https://gel-yield-curve.nbg.gov.ge/.