"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავა

საქართველოს უმსხვილესი პროვაიდერი ჯანდაცვის სფეროში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების სავაჭროდ დაშვებას გეგმავს.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“, რომელიც 42 კლინიკას ფლობს საქართველოში და სამედიცინო დაზღვევის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, საჯარო შეთავაზების თავდაპირველი ფასი 2,15 და 3,15 ფუნტს შორის დაასახელა. გამოცემა bne.eu-ის ინფორმაციით, საბოლოო ფასი ცნობილი დაახლოებით 6 ნოემბერს გახდება, ვაჭრობა კი სავარაუდოდ, 11 ნოემბერს დაიწყება.

„ჯგუფის პროგნოზით, აქციების ემისიის შედეგად 65 მილიონი ფუნტის მოზიდვას შეძლებს, კომპანიის ღირებულება კი 347 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება“, - წერს bne.eu.

როგორც გამოცემასთან საუბარში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე აცხადებს, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციების ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში სავაჭროდ განთავსება 2015 წლის ნოემბრის დასაწყისში იგეგმება. წინასწარი გათვლებით, ჯგუფი აქციების ემისიის შედეგად დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვას გეგმავს, რაც კომპანიის შემდგომ განვითარებას მოხმარდება.

საქართველოს ბანკის ჰოლდინგში შემავალი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „სამედიცინო კორპორაცია "ევექსს" და სადაზღვეო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. ჯგუფის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე „საქართველოს ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური გახლავთ.