ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ჰონგ-კონგში გამართულ საერთაშორისო კონფერენცია Asia Beyond Limits-ში მიიღო მონაწილეობა

ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ჰონგ-კონგში გამართულ საერთაშორისო კონფერენცია Asia Beyond Limits-ის საქართველოსთვის დათმობილ სესიაში მიიღო მონაწილეობა. საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება აზიის სავაჭრო სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) მიერ ყოველწლიურად იმართება, რომელმაც წელს რიგით 29-ე სესიას უმასპინძლა.

2015 წლის 29-30 ოქტომბერს, ჰონგ-კონგში აზიის სავაჭრო სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით Asia Beyond Limits გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების სესიებში სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს და სამთავრობო დელეგაციების 400-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი კონფერენცია ახალი აბრეშუმის გზის "ერთი სარტყელი – ერთი გზას" პრინციპების, ბიზნესშესაძლებლობებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განხილვას ისახავდა მიზნად. ღონისძების ფარგლებში ასევე გაიმართა სპეციალური სესიები "აღმოაჩინე ბიზნესშესაძლებლობები CACCI-დახმარებით", სადაც ცალკე პანელი საქართველოსაც დაეთმო. სესიაზე დამსწრე საზოგადოებას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, CACCI-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯემალ ინაიშვილმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და სიახლეები წარუდგინა.

ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და პროექტები საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამუნა ლილუაშვილმა გააცნო. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ბიზნესისა და სამთავრობო დელეგაციების წარმომადგენლებს შორის.

აზიის სავაჭრო სამრეწველო პალატების კონფედერაცია (CACCI) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 1966 წელს დაარსდა და აზია-წყნარი ოკეანის 27 ქვეყნის სავაჭრო პალატებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა წრეებს აერთიანებს. 2014 წელს კონფედერაციის 22-ე პრეზიდენტად არჩეული იქნა ჯემალ ინაიშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი და ყოფილი პრეზიდენტი. შესაბამისად, საქართველოს დელეგაცია წელს საპატიო სტატუსით იმყოფებოდა ჰონგ-კონგის ღონისძიებაზე.