თბილისის მერია და წითელი ჯვარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ერთობლივ პროგრამას განახორციელებენ

თბილისის მერია და წითელი ჯვარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ერთობლივ პროგრამას განახორციელებენ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს თბილისის მერიაში დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ნათია ლოლაძემ მოაწერეს. დღესვე, დავით ნარმანიამ და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს და წითელი ჯვრის მოხალისეებს მადლობის სიგელები გადასცეს. წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა სიგელები იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მიიღეს, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის დროს გამოიჩინეს. "წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, ისინი დაგვეხმარნენ 13 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში, კერძოდ დახმარებისა და ტვირთების მიზნობრივად განაწილებაში. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე ვმუშაობთ. იგეგმება ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომელიც მზრუნველობამოკლებული ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. გაერთიანდება ჩვენი და მათი რესურსები და შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.