სესხი ლარში ავიღოთ თუ დოლარში? საკითხავი, აი, ეს არის!

ქართული ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში აქტუალური საკითხია ყველასთვის: ეკონომისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, სტუდენტებისთვის, დიასახლისებისთვის და თვით არაფრისმაქნისი „ბირჟავიკებისთვისაც“. ერთის მხრივ, სუსტი ლარი შეიძლება კარგი იყოს საქართველოს ექსპორტის კონკურენტუნარიანობისა და სავაჭრო ბალანსისთვის, მაგრამ, მეორეს მხრივ, ის ზრდის იმპორტირებული საქონლის ფასს. მათ შორის ბევრია ფუფუნების საგანი, რომელთა გარეშე ცხოვრებაც შეიძლება, მაგრამ არის უამრავი რამ, რაც აბსოლუტურად სასიცოცხლოა ქართული ეკონომიკისთვის: პირველადი მოხმარების ნივთები, წარმოების საშუალებები და ტექნიკა, საკვები და მედიკამენტები. ამ შეუცვლელი იმპორტის ფასების ზრდით ლარის დასუსტება გავლენას ახდენს საქართველოს წარმოების ხარჯებსა და ზოგადად სამომხმარებლო ინფლაციაზე. მაგალითად, ელექტროენერგიის ტარიფის 30%-იანი ზრდის ძირითადი მიზეზი იყო იმპორტირებული გაზის საფასურის ზრდა, რომელიც გამოიყენება თერმული ელექტროენერგიის წარმოებისთვის.

აქამდე საქართველო ახერხებდა ინფლაციის დონის შენარჩუნებას სხვადასხვა ფაქტორების კომბინაციის მეშვეობით, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის გონივრული პოლიტიკით.

მეორე ფაქტორი იყო ნავთობზე და სურსათზე გლობალური ფასების მკვეთრი შემცირება. თუმცა ლარის გაუფასურებამ დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა იმ შიდამეურნეობებს და ბიზნესებს, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული. ასეთი სესხების წილი 60%-ს აჭარბებს, რაც ქართულ ეკონომიკას სერიოზულ ფინანსურ რისკებს უქმნის.

გაუფასურება და დოლარიზებული სესხების გაცემა

ლარის გაუფასურება ნიშნავს დოლარში გაცემული სესხების ყოველთვიური გადასახადის გაზრდას, რაც ზრდის მსგავსი სესხების მომსახურების ხარჯებს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველა სახის სესხი არ არის ერთნაირად დოლარიზებული. ასე, მაგალითად, სამომხმარებლო სესხების მხოლოდ 20%-ია გაცემული დოლარში, როდესაც იპოთეკური სესხების უდიდესი ნაწილი (80%) დოლარიზებულია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში იპოთეკურ სესხებზე მოდის მთლიანი სესხების დაახლოებით 50%, ლარის გაუფასურებას შეიძლება სერიოზული სოციო-ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ადვილი მისახვედრია, რომ ლარის გაუფასურება უარყოფით გავლენას მოახდენს მათზე, ვინც დოლარში აიღო სესხი, მსესხებელთა ფაქტობრივი ხარჯები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა, მაგალითად, სესხის სიმწიფე და დოლარსა და ლარში აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული სხვაობა. ამ პოსტით შევეცდებით, ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: დროთა განმავლობაში რამდენად შეიცვალა დოლარსა და ლარში გაცემული სესხების ხარჯები ქართველი მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით ლარის გაუფასურების შემდეგ? რატომ გრძელდება დოლარში სესხის აღების ტენდენცია? დაბოლოს, დღესდღეობით სესხის დოლარში აღება ჯობია თუ ლარში?

„იაფი სესხის“ ილუზია და მოულოდნელი გამოფხიზლება გაუფასურების შემდეგ

მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები სესხს დოლარში იღებდნენ, იყო საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა – დოლარში გაცემული სესხების შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებთან შედარებით. საშუალოდ, 2013 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტომდე ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 7.6%-ით მაღალი იყო დოლარში გაცემულ სესხებთან შედარებით (იხ. გრაფიკი #1).

იხილეთ გაგრძელება