რატომ არ იცვლება საწვავის ფასი ქართულ ბაზარზე?

ბოლო ერთი წლის განმავლობაში "შავი ოქროს" ფასი მთელ მსოფლიოში თანდათან დაეცა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნავთობი კიდევ უფრო გაიაფდება. ანალოგიური პროგნოზი აქვთ მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებსა და უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, რომლებიც ერთხმად ადასტურებენ, რომ მსოფლიოში ნავთობის დაბალი ფასი კვლავაც შენარჩუნდება. მათი თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნით, მსოფლიოში ნავთობის წარმოება დღეში მილიონი ბარელით გაიზრდება, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016 წლიდან, ირანის ნავთობის ბაზარზე დაბრუნება ფასების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.

რა მდგომარეობაა საქართველოს საცალო ქსელში? - ჩვენთან, ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი ასეთია: სუპერი  2,07-2,10 ლარი ღირს; პრემიუმი - 1,99-2,05 ლარი; რეგულარი - 1,83-1,98 ლარი; დიზელი L-62 - 1,77-1,80 ლარი; ევრო დიზელი - 1,92-1,99 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასი 25-30 თეთრით ნაკლებია.

შედარებისთვის: რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 2014 წლის 4-6 დეკემბრისთვის საქართველოში 1.93 თეთრი იყო, ხოლო თვის ბოლოს მისმა ფასმა 10 თეთრით დაიკლო და 1.83 შეადგინა. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა სხვა ტიპის საწვავზეც. როგორც ვხედავთ, საწვავის ფასი საქართველოში თითქმის არ შეცვლილა, რაც კარგა ხანია დიდ კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ფასებზე არანაკლებ გავლენას ახდენს წმინდა პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, ძნელია წინასწარ რაიმეს თქმა.

ბექა კემულარია: თუ ირანის ემბარგო მოიხსნება, ნავთობის მიწოდება გადააჭარბებს მასზე მოთხოვნას და ეს უმნიშვნელოვანესი პროდუქტი კიდევ უფრო გაიაფდება. ეს კი ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე უარყოფითად აისახება, რადგან მათი ექსპორტის დიდი წილი ნავთობზე მოდის. რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მომპოვებლები არ არიან, ნავთობის ფასის შემცირება მათთვის კარგია, რადგან ამ დროს ქვეყნიდან ნაკლები უცხოური ვალუტა გაედინება.

იმას, რომ ნავთობის გაძვირება ქართულ ბაზარზე არ აისახება, ბექა კემულარია კომპანიებს შორის არსებული კარტელური შეთანხმებით ხსნის.

"კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა 5 ყველაზე მსხვილი კომპანია საქართველოში, რადგან ისინი ფასებს შეთანხმებულად აწესებენ. აქედან გამომდინარე, ნავთობის გაიაფება-არგაიაფება პირდაპირ არ აისახება ჩვენთან არსებულ საცალო ფასზე, რადგან ეს კომპანიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ნავთობკომპანიებმა გააპროტესტეს კონკურენციის სააგენტოს დასკვნა და გაასაჩივრეს, რის გამოც საქმე სასამართლოს გადაეცა. როდის დასრულდება ეს სასამართლო, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ სააგენტომ შეისწავლა, დაადასტურა კარტელური შეთანხმება და მსხვილი კომპანიები კიდეც დააჯარიმა. ახლა სასამართლოში უნდა გაირკვეს, რამდენად სამართლიანი იყო ეს ჯარიმა და რატომ არ იცვლება საწვავის ფასი ქართულ ბაზარზე", - აღნიშნავს ბექა კემულარია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი არ უარყოფს, რომ ნავთობის ფასი მსოფლიოში ძალიან დაბალ ნიშნულზეა.

ვანო მთვრალაშვილი:

ნავთობის ფასი ბოლო თვეების განმავლობაში თანდათან ეცემოდა და დღეს წამყვან სანავთობო ბირჟებზე 43-48 დოლარის დიაპაზონში მერყეობს. ეს 2009 წლის შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის ფუნდამენტური მიზეზია ის, რომ დღეს ნავთობის მიწოდება მსოფლიოში აჭარბებს მასზე მოთხოვნილებას. არსებობს სხვა, არანაკლებ სერიოზული მიზეზებიც, კერძოდ, ოპეკ-ის ქვეყნებს არ შეუმცირებიათ ნავთობის მოპოვება და არც აპირებენ მის შემცირებას. ადრე, როდესაც ნავთობის ფასი ეცემოდა, ისინი ამცირებდნენ ნავთობის მოპოვებას, რასაც ბაზარზე ნაკლები ნავთობის მიწოდება მოჰყვებოდა და ფასები არათუ მცირდებდა, იზრდებოდა კიდეც. თუ ამას დავუმატებთ ირანისთვის ემბარგოს მოხსნას და აშშ-ის მიერ სტრატეგიული მარაგების გახსნას, ნავთობის ფასი მომავალშიც დაბალი იქნება. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდა შენელდა ჩინეთში, ეს ქვეყანა აშშ-ის შემდგომ ნავთობის ყველაზე დიდი მომხმარებელია და მისი ეკონომიკის შეფერხებამ ნავთობზე მოთხოვნა შეამცირა. ამ მიზეზების ერთობლიობა განაპირობებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დაბალი ფასი კვლავაც შენარჩუნდება", - აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.

ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, რთულია იმის თქმა, თუ რა დონემდე შემცირდება ნავთობის ფასი, რაც შეეხება საქართველოს, აქ "შავი ოქროს" ფასს სულ სხვა ფაქტორები განსაზღვრავს.

ვანო მთვრალაშვილი: "ნავთობზე დაბალი ფასის გამო დოლარი მყარდება. დოლარის გამყარებას კი ლარის გაუფასურება მოჰყვა. სწორედ ამიტომ, რამდენადაც უნდა შემცირებულიყო საქართველოში საწვავის ფასი, იმდენად ვერ შემცირდა: მოგეხსენებათ, ნავთობკომპანიები პროდუქციას დოლარში ყიდულობენ და მერე ლარში ყიდიან. თუ ლარი გამყარდება, შესაბამისად, საწვავის ფასიც შემცირდება. ჩვენს ოპონენტებს უნდა ვუთხრა: რატომ არ აქცევენ ყურადღებას, რამდენად გაუფასურდა ლარი დოლართან მიმართებით? - შარშან 1 დოლარი 1,7 ლარი ღირდა, ახლა კი, 2,4 ლარი ღირს. თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, საწვავის ფასი საქართველოში ვერ შემცირდება. ამიტომ, სულაც არ მიკვირს, რომ ნავთობკომპანიები არ დაეთანხმნენ კონკურენციის სააგენტოს დასკვნას და გაასაჩივრეს", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე