ირაკლი ღარიბაშვილი : ლიბერალური სავიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება

საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა მედიისთვის გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის, ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების თემებზე ისაუბრეს. მათივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ტაავი რიივასს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ვიზალიბერალიზაცია ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.  "ლიბერალური სავიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსა და მისი ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება და გატარებული რეფორმების ესოდენ სასურველი რეალური შედეგი," - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

ამასთან, მანვე საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაა.  გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის თავისუფლების კუთხით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ პირველია რეგიონში. პრემიერ-მინისტრმა ქართულ კანონმდებლობაზეც გააკეთა აქცენტი და განმარტა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია 10 დღის ვადაში ტელევიზიის გახსნა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მიზანია მედიათავისუფლების შენარჩუნება. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის შესახებ არსებულ დავას, პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, რომელშიც ხელისუფლება არ ერევა. "ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ საქართველოში არავინ იდგება კანონზე მაღლა. ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია და ეს არის ევროკავშირის მთავარი ღირებულება, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, ესტონეთისა და საქართველოს შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს და საქართველოს ევროპულ მომავალს გაუსვა ხაზი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უნდა შეფასდეს ობიექტურად, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებით.