„ხაჭაპურის ინდექსი“ ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 4,65%-ით გაიზარდა

ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება, სექტემბერთან შედარებით 4,5%-ით გაიზარდა და 3,61 ლარი შეადგინა.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 7,9%-ით მეტია 2014 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.

ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ინდექსის გაზრდა მთავარი ინგრედიენტების - ყველის 12%-ით, რძის- 13,2%-ით, კარაქის 7,4%-ითა და საფუარის 22,1%-ით გაძვირებამ გამოიწვია. ამასთან ერთად, ISET-ში აღნიშნავენ, რომ არ შეცვლილა ფქვილის ფასი, კვერცხის ფასი კი 5,2%-ით შემცირდა.

ინდექსის ავტორთა განცხადებით, ოქტომბრის თვეში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი სოფლის ნატურალური რძის მიწოდების შემცირებაც არის, რომლის მიწოდებამაც პიკს მიაღწია მაისსა და ივნისში. წლიური თვალსაზრისით კი, ხაჭაპურის ინდექსის ზრდა მეტწილად სამომხმარებლო ფასების მცირე ინფლაციით არის გამოწვეული, რაც თავის მხრივ ლარის გაუფასურებას უკავშირდება.

ხაჭაპურის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც ინფლაციის მარტივი და გამჭირვალე ინდიკატორია. ფასებზე დაკვირვება 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო თბილისში, შემდეგ კი თანდათან გაფართოვდა საქართველოს სხვა ქალაქებზეც. ამჟამად ხაჭაპურის ინდექსი ითვლება არა მხოლოდ დედაქალაქისთვის, არამედ თელავის, ქუთაისის და ბათუმისთვისაც.

ხაჭაპურის ინდექსის იდეა დაიბადა Big Mac-ის ინდექსისაგან, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის შესადარებლად. ხაჭაპურის ინდექსის კალათში შედის სტანდარტული იმერული ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების გათვალისწინებით.