20, 50 და 100 ლარის ბანკნოტები განახლებული დიზაინით  ჩაეშვება მიმოქცევაში (+ვიდეო)

2016 წლიდან 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა და ძველ ბანკნოტებთან ერთად მიმოქცევაში იქნება. ლარის ბანკნოტების განახლებულ დიზაინთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო "თბილისი რუმსში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გამართა პრეზენტაცია, სადაც განახლებული ბანკნოტები წარადგინა.  როგორც ქადაგიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ეს არის ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება, პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს.

"2015 წელი ეროვნული ვალუტის საიუბილეო თარიღია. ეს იყო ახალი ეპოქა ფულის ისტორიაში. შესაბამისად, სიმბოლურად დიზაინის მნიშვნელოვანი განახლებაც ამ თარიღს დავამთხვიეთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი პერიოდულად ავსებს ფულის ნიშნის მარაგებს, რითაც ანაწილებს მიმოქცევაში არსებულ უკვე გაცვეთილ და დაზიანებულ ფულის ნიშნებს ახალი ბანკნოტებით. მოცემული პერიოდისთვის ეროვნულ ბანკს მარაგების შევსება უწევდა, შესაბამისად, ეს იყო საუკეთესო დრო, ვინაიდან პროცესი არ მოითხოვდა დამატებით ფინანსურ რესურსს. ამასთან, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი. თავის დროზე ლარის ბანკნოტები საკმაოდ მაღალი სტანდარტის შესაბამისი იყო და პასუხობდა საერთაშორისო მოთხოვნებს. წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ბეჭდვის პროცესი, შეიქმნა უფრო ძლიერი დამცავი ნიშნები. ახალი ტენდენციებია დიზაინის კუთხითაც, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება გვქონოდა განახლებული დიზაინის ფულის ნიშანი, რომელიც თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო ვალუტებს შორის", - განაცხადა ქადაგიძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბანკნოტები 2016 წლის პირველი ნახევრიდან გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. ამასთან, ჟურნალისტებს დიზაინერმა ბაჩა მალაზონიამ განუცხადა, რომ უკვე ჰქონდა გამოცდილება, რადგან 20 წლის წინ მოუწია მუშაობა პირველი ქართული ლარის დიზაინზე მამასთან, ნოდარ მალაზონიასთან ერთად. როგორც მალაზონიამ აღნიშნა, ეროვნულ ბანკს ჰქონდა ძალიან მკაფიო პოზიცია, შეენაარჩუნებინა ის კონცეფტი, ისტორიული გარემო, პერსონაჟები, რაც არსებობს ლარზე, მაგრამ ყოფილიყო განახლებული. "ამოცანა იყო თითქმის იგივე ინსტრუმენტებით ახლის გაკეთება. რამდენად გამოგვივიდა, ამასთან დაკავშირებით ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი წარმოდგენა. მე შევეცადე, რომ ამ ხანგრძლივ პროცესში, რომელიც ორი წელი მიმდინარეობდა, მაქსიმალურად გამომეყენებინა ყველა თანამედროვე ტენდენცია, რაც კი არსებობს", - განაცხადა მალაზონიამ.

ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა. ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით, განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას. ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირთადი სიუჯეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან. განახლდა ლარის ბანკონოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური სიმეტრიული ზრდის პრინციპი. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისთვის, მარტივად აღქმადი და ამავე დროს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნები, მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი. საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფაში მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მონაწილეობდნენ. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, მოგვიანებით 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდება.