ლარის ახალ ბანკნოტებზე ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა არ იქნება

ლარის განახლებულ ბანკნოტებზე ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა აღარ იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადგიძემ განმარტა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე არის მხოლოდ იმ ინსტიტუტის ხელმოწერა, რომელიც ემისიაზეა პასუხისმგებელი. "რაც შეეხება ხელმოწერას, ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე არის მხოლოდ იმ ინსტიტუტის ხელმოწერა, რომელიც ემისიაზეა პასუხისმგებელი. მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ფინანსთა სამინისტრო ასევე პასუხისმგებელია ლარის ემისიაზე, არის ასევე ხაზინის ან რიგ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა. ახალი დიზაინი ამ თვალსაზრისით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან", - განაცხადა ქადაგიძემ.

2016 წლიდან 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა და ძველ ბანკნოტებთან ერთად მიმოქცევაში იქნება. ლარის ბანკნოტების განახლებულ დიზაინთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო "თბილისი რუმსში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გამართა პრეზენტაცია, სადაც განახლებული ბანკნოტები წარადგინა.  როგორც ქადაგიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ეს არის ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება, პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს.