მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ხვალ გაიმართება

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.  როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდება.  "სხდომაზე იქნება განხილული ყველა ის მონაცემი, რომელიც ჩვენ გვაქვს ინფლაციასთან და ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით. დღეს ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ის მაჩვენებლები, რაც გვაქვს, შესაბამისობაშია იმ პროგონოზთან, რა პროგნოზსაც ჩვენ მანამდე ვაქვეყნებდით, ამასთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებას ხვალ გავაკეთებთ", - განაცხადა ქადაგიძემ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 23 სექტემბერს გაიმართა, რომელზეც კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 100 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტამდე გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემდეგ, მასზე მიბმული, ლარში გამოტანილი იპოთეკური და ბიზნეს სესხები 1 პროცენტით გაძვირდა. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8544 ადამიანს გაუძვირდა.