ღირს თუ არა თანხის ჩადება უძრავ ქონებაში?

"უძრავ ქონებაზე ფასები მინიმუმ 30-40%-ით არის შემცირებული და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება"

მიღებულია, რომ უძრავ ქონებაში ფულის ჩადება მისი შენახვის ერთ-ერთი საიმედო გზაა. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონება ყველგან ძვირი ღირს. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სახლებს შორის შეიძლება აღმოაჩინოთ ვილა საფრანგეთში, რომლის ფასიც 506 მილიონი ამერიკული დოლარია, 200 მილიონ დოლარად შეფასებული პენთჰაუსი ლონდონში, რომელიც ტომ კრუზის, ქეით ჰოლმსისა და დევიდ ბექჰემის მეზობლად მდებარეობს, "დრაკულას სასახლე" რუმინეთში, რომელიც სულ ცოტა, 135 მილიონი დოლარი ღირს.

რა თქმა უნდა, საქართველოში უძრავი ქონება ასე ძვირი არ ღირს, თუმცა ლარის დევალვაციით შეწუხებულ ჩვენს მოქალაქეებსაც სურთ თავიანთი, თუნდაც მწირი დანაზოგი საიმედო ხელში ეგულებოდეთ.

ღირს თუ არა ფულის ჩადება უძრავ ქონებაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს? - ამ შეკითხვით ქართული სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართეთ. როგორც დეველოპერული კომპანია "აი ჯი ეს ჯგუფის" ფინანსური მენეჯერი, უძრავი ქონების ექსპერტი შოთა გუჯაბიძე ამბობს, ამ ეტაპზე უძრავი ქონება საქართველოში ძალიან გაიაფებულია, თუმცა აჩქარება არ ღირს, რადგან შესაძლოა, ახლო მომავალში ფასები კიდევ უფრო შემცირდეს.

შოთა გუჯაბიძე:  "დღევანდელი რეალობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უძრავი ქონების ბაზარზე სტაგნაციაა, ფასები შემცირებულია: თუ ორიოდე წლის წინ თბილისის ცენტრში ერთოთახიან ბინას 40-45 ათას დოლარზე ნაკლებად ვერ შეიძენდით, თანაც ამ სეგმენტზე განსაკუთრებული მოთხოვნა იყო, ახლა იმავე ადგილას, იმავე ფართობის მქონე ბინას დაახლოებით 30 ათასადაც შეიძენთ. ფასები მინიმუმ 30-40%-ით არის შემცირებული და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე უკეთესობას არ უნდა ველოდეთ, მით უმეტეს, საარჩევნო წელი ახლოვდება, რაც თავისთავად გულისხმობს გაურკვევლობას და პოლიტიკურ არასტაბილურობას".

შოთა გუჯაბიძის შეფასებით, ამ მომენტისთვის უძრავი ქონების შეძენა არ ღირს, რადგან უახლოეს თვეებში მისი ფასი კიდევ უფრო დაიკლებს.

"სავარაუდოდ, ახალ წლამდე პერიოდში უძრავი ქონების ბაზარი შენელებული იქნება, ამიტომ ბინების ფასი კიდევ შემცირდება. რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდს, დაახლოებით, 5-6 წლის მონაკვეთს თუ ავიღებთ, უძრავ ქონებაში ფულის ჩადება მაინც მომგებიანია, რადგან ამ ბაზარს, საერთოდ, ფასების ზრდის ტენდენცია ახასიათებს. ის ვარდნა, რომელიც ახლა გვაქვს, აჩენს შანსს ინვესტორებისთვის ან რიგითი მოქალაქეებისთვის, ვისაც რაღაც დანაზოგი აქვს, უძრავი ქონება მომგებიან ფასში შეიძინონ. ეკონომიკურ ფაქტორებს არასტაბილური პოლიტიკური ფონიც ემატება, ვგულისხმობ წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვა გარდაუვალია, რაც ლარის კურსზეც იმოქმედებს. ეს ყველაფერი ქმნის საფუძველს, რომ ასე ვივარაუდოთ. რაც შეეხება თქვენს ხელთ არსებული ბინების ან კომერციული ფართების გაქირავებას, როცა უძრავი ქონების ფასი ეცემა, იჯარის ფასიც შემცირებისკენ მიდის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქირის ფასიც აიწევს. ამ ეტაპზე კი, უძრავის ქონების ბაზარზე სულაც არ არის სახარბიელო სიტუაცია, მართალია, მენაშენეები ამას არ აღიარებენ, მაგრამ სიმართლეს ვერსად გავექცევით", - ამბობს შოთა გუჯაბიძე.

თუმცა მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უძრავი ქონების ბაზარზე სტაგნაციაა და საქართველოში ბინების ფასი დაეცა.

ირაკლი როსტომაშვილი: "რაც თავი მახსოვს, ბინების ფასი ყოველწლიურად მატულობს, თუმცა გააჩნია, რა უძრავ ქონებას შეიძენთ და სად. ამასაც ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ცნობილია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უძრავი ქონების შეძენა ყოველთვის ამართლებს. შეიძლება მისი ფასი რაღაც ეტაპზე დაეცეს, მაგრამ ხუთი, ექვსი, ან ათი წლის შემდეგ სულ სხვა, მომატებული ფასი ექნება. კიდევ ვიმეორებ, მე ახლა ვლაპარაკობ ჭკვიანურად ჩადებულ თანხაზე. თუ ბინას იყიდით სვანიძის ქუჩაზე, სადაც 50 წელიწადში ერთხელ მდინარე ვერე დიდდება და იქაურობა იტბორება, ეს დიდი შეცდომა იქნება, ან კონფლიქტის ზონაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს არა აქვს ფასი, არათუ უძრავ ქონებას, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ომი დამთავრდეს და წლების შემდეგ იქ შეძენილმა ქონებამ თავისი ფასი დაიბრუნოს. უძრავი ქონების შეძენა ძალიან ჰგავს ოქროს შეძენას: შეიძლება რაღაც პერიოდში ოქროს ფასი დაეცეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ოქრო არ შეიძლება გაიაფდეს, რადგან ის ეკონომიკის მამოძრავებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ, ოქრო ყოველთვის ინარჩუნებს თავის ღირებულებას", - აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.

მისი თქმით, უძრავი ქონების შეძენა საუკეთესო საშუალებაა, რომ ადამიანმა ბიზნესი წამოიწყოს.

"ისეთ სტაბილურ ქვეყნებში, როგორიც ევროკავშირის სახელმწიფოები და აშშ-ია, უძრავი ქონების შეძენა ადამიანს ხშირად ბიზნესის წამოწყებაშიც ეხმარება. საქართველოში ბევრი ყიდულობს ბინას და მერე აქირავებს, ეს უფრო მეტი სტიმულია იმისათვის, რომ ადამიანმა ფული უძრავ ქონებაში ჩადოს. გარდა ამისა, დღეს თუ შეიძენთ მშენებარე ბინას, სადაც 1 კვ.მ.-ის ფასი 1000 დოლარია, რომ აშენდება და დასრულდება, ის უკვე 1500 დოლარი ეღირება, ესეც ხომ მოგებაა? არსებობს ფულის შენახვის კიდევ ერთი ვარიანტი - თქვენი დანაზოგი ბანკში შეიტანოთ და გრძელვადიანი ანაბარი გახსნათ. რომელი ჯობია ამათგან - ეს უკვე კონკრეტული ინდივიდის გადასაწყვეტია.

დავუშვათ, ადამიანმა თავისი დანაზოგი არც არსად ჩადო, არც ანაბარი გახსნა, დოლარზე გადაახურდავა და სახლში, კარადაში შეინახა, ამ გადაწყვეტილებასაც აქვს უარყოფითი მხარეები: მოგეხსენებათ, დოლარს ყოველწლიური ინფლაცია ახასიათებს, როდესაც ფული არ ბრუნავს, ეს იწვევს ამ ფულის მსყიდველობითუნარიანობის დაცემას. ამიტომ, თუ ადამიანს არც დრო აქვს, არც უნარი და არც საშუალება იმისათვის, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს, მაგრამ აქვს ფული, მე მგონი ყველაზე კარგი გამოსავალი ამ შემთხვევაში უძრავი ქონების ყიდვაა, თუმცა, ერთი პირობით: ჯერ კარგად უნდა შეისწავლოს ბაზარი და მერე შეიძინოს. გააჩნია, სად, რომელ ქალაქში, ან უბანში იყიდის ბინას და სად ჩადებს თავის ფულს - ამას სწორი ანალიზი და დაკვირვება სჭირდება", - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე