ადვოკატების განცხადებით, ქიბარ ხალვაში წილების გადაფორმებას ვერ შეძლებს, ვიდრე საქმე ყველა ინსტანციას არ მოივლის

ქიბარ ხალვაში წილების გადაფორმებას ვერ შეძლებს, ვიდრე საქმე ყველა ინსტანციას არ მოივლის, - ამის შესახებ "რუსთავი2"-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აღნიშნეს. მათი განმარტებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ ნორმა გააუქმა, ქიბარ ხალვაში წილების დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში ვერ განახორციელებს.

ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქიბარ ხალვაშს 100-პროცენტიანი წილი დაუბრუნდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ადვოკატ თამთა მურადაშვილის თქმით, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. "მოსამართლის გადაწყვეტილებით "რუსთავი2"-ის ასპროცენტიანი წილის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში. მოსამართლემ დააკმაყოფილა ის მოთხოვნა, რომლის მიხედვით საჯარო რეესტრში უნდა გაუქმდეს ჩანაწერი ამჟამინდელი მფლობელების შესახებ და უნდა დარეგისტრირდეს ქიბარ ხალვაშით. თავიდანვე ცხადი იყო ის, რომ არ დაკმაყოფილდებოდა მოსამართლის მხრიდან საავტორო უფლებებთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნები. ეს ატარებდა ფორმალურ ხასიათს იმისათვის, რათა თავიდანვე გამიზნული იყო, რომ ამ მოსამართლესთან მოხვედრილიყო ეს საქმე და შექმნილიყო იმის ილუზია, თითქოს მოსამართლემ სარჩელი ნაწილობრივ არ დააკმაყოფილა", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მოპასუხე მხარეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება უახლოესი თვენახევრის განმავლობაში შეუძლია. გუშინ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის სარჩელი, სადაც შვიდი მოთხოვნა იყო წარმოდგენილი. მოსამართლემ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ხალვაშის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ასევე არ დააკმაყოფილა ის სასარჩელო მოთხოვნა, რომლის მიხედვით ხალვაში ზიანის, კერძოდ, 18 მილიონამდე დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა. თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, "რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა. ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაბათილდა ის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმებული იყო.