ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 3 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დააფინანსა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 3 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დააფინანსა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში, სადაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა პირველი სართულის დერეფანს. ხის ფანჯრები შეიცვალა მეტალოპლასმასით, მოეწყო პირველკლასელთა საკლასო ოთახი და გარემონტდა სააქტო დარბაზი. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა №1 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზისა და დაბა ახალდაბაში ინგლისური ენის კაბინეტის რეაბილიტაცია.  გამგებლის განმარტებით, ამჟამად ორივე სკოლაში სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია.  "სპორტულ დარბაზში მოეწყო რკინა-ბეტონის იატაკი, გარემონტდა გასახდელები და მასწავლებლის ოთახი, შეიცვალა ფანჯრები და დარბაზში შესასვლელი კარები. ამჟამად მიმდინარეობს ხის იატაკის დაგება. დარბაზში გათვალისწინებულია საკალათბურთო ფარების მონტაჟიც", - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

მათივე განმარტებით, უახლოეს მომავალში დასრულდება ახალდაბის სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტის რემონტიც, სადაც გამოიცვალა იატაკი და ჭერი, შეიღება კედლები და მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა. სამივე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 005 ლარი გაიხარჯა. "ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვეძლევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადგომით, მოკრძალებულ წვლილი შეიტანოთ სასწავლო გარემოს გაუმჯობესების საქმეში," - აღნიშნავს დიმიტრი ყიფიანი.