საზღვარგარეთ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული მეწარმეები საჯარო რეესტრში დარეგისტრირდებიან

საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლების დასაცავად ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეწარმე-სუბიექტები, რომელთა საქმიანობაც საზღვარგარეთ შრომით მიგრაციასთანაა დაკავშირებული, რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაივლიან. შესაბამისი ცვლილებები "შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში, "მეწარმეთა შესახებ" კანონსა და "საჯარო რეესტრის" შესახებ კანონში ძალაში პირველი ნოემბრიდან შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, დაარეგულიროს საქართველოს მოქალაქის თუ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის შრომითი საქმიანობა უცხოეთში, დაიცვას მათი უფლებები და ინტერესები.

"კანონი მოაწესრიგებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის პროცესს, საზღვარგარეთ დასაქმებული მოქალაქის შრომა რისკებისგან მეტად დაცული იქნება. კანონი საქართველოში უცხოელთა მუშაობასაც დაარეგულირებს, შეამცირებს უცხოეთიდან არაკვალიფიციური მუშა-ხელის შემოდინების რისკს და ხელს შეუწყობს ქართულ შრომით ბაზარზე ადგილობრივი პერსონალის უფლებების დაცვას. შრომითი მიგრაციის სფეროს მოწესრიგებას საქართველოში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებებიც ითვალისწინებს. ახალი რეგულაციების თანახმად, მეწარმე-სუბიექტები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დასაქმებას ან დასაქმებაში დახმარებას სთავაზობენ, ვალდებულები არიან, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისას აუცილებლად მიუთითონ თავიანთი საქმიანობის ეს სფერო. იმ კომპანიებმა კი, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დასაქმების კუთხით, საჯარო რეესტრს 2016 წლის პირველ მაისამდე უნდა მიმართონ და საკუთარი საქმიანობა სამეწარმეო რეესტრში დააფიქსირონ. იგივე ვალდებულება ეკისრებათ აგრეთვე უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალებს, რომლებიც უცხოელებს სთავაზობენ საქართველოში დასაქმებას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობების შემთხევევაში კანონი ადმინისტრაციულ სახდელს ითვალისწინებს. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.

საჯარო რეესტრი იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ და ამზადებს ინფორმაციას მათი საქმიანობის თაობაზე. ცვლილებები უკვე განხორციელდა სამეწარმეო რეესტრის პროგრამაშიც. საქმიანობის რეგისტრაციას დაემატა ახალი ველი - საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირებმა იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და ავტორიზებულ პირებს უნდა მიმართონ, ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დარეკონ ცხელ ხაზზე: 2 405 405.