შუახევიდან მოცვის ევროპულ ბაზარზე გატანას გეგმავენ

ზვიად მიქაძე და თენგიზ მიქელაძე მათ მიერ გაშენებული მოცვის პლანტაციისგან ნაყოფიერ მოსავალს უახლოეს მომავალში ელიან.

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუთურაულში კოოპერატივი „გედი“ სოფლის მეურნეობისა და განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით შეიქმნა.

თენგიზ მიქელაძის თქმით, კოოპერატივთან დაკავშირებული ინფორმაცია მეზობლისგან შეიტყო და პროექტში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

,,შემოგვთავაზეს ორი ჯიშის მოცვი: ბლუკროპი და ლეგასი (ლურჯი მოცვი). ჩვენი თანხმობის შემდეგ გამოგვიგზავნეს ტექნიკა, დაგვიმონტაჟეს სისტემა, წყლის მიმწოდებელი ძრავა, მოგვაწოდეს ჭურჭელი და 900 ძირი ნერგი. მცირე ფინანსური დანაზოგის სახით, პროექტის განხორციელებაში ჩვენი წილიც შევიტანეთ. შევიძინეთ დამატებით 200 ძირი ნერგი. მოსავალს მოცვი სამ წელში იძლევა. უკვე თითქმის ორი წელი სრულდება, რაც პლანტაცია გავაშენეთ და პირველი ნაყოფიც მოგვცა. ბუჩქი დაახლოებით სამიდან ოთხ მეტრამდე უნდა გაიზარდოს, ძირის მოსავლიანობა კი ჩვენი ვარაუდით, 4-დან 7 კილოგრამამდე იქნება. სულ მოცვის 1100 ძირი გვაქვს დარგული. მოცვის მოსაყვანად ძალიან დიდი შრომაა საჭირო. პირველ რიგში, რაც მთავარია ბუჩქები უნდა გასუფთავდეს სარეველა ბალახებისგან. ქიმიური შეწამვლა არ ხდება, მკვებავ ორგანულ ნაერთს ვიყენებთ“, - ამბობს თენგიზ მიქელაძე.

კოოპერატივ ,,გედის“ თავმჯდომარის, ზვიად მიქაძის თქმით, მოცვის პლანტაცია საკმაოდ შემოსავლიანი იქნება კოოპერატივში გაერთიანებული ოჯახების ფინანსური შემოსავლებისთვის.

„მოცვით მოვამარაგებთ ადგილობრივ ბაზარს და შესაძლოა, მომავალში ევროპულ ბაზარზეც გავიდეთ“, - აღნიშნა ზვიად მიქაძემ.

ევროკავშირის აგროკულტურისა და სურსათის უვნებლობის ატაშეს, ხუან ეჩანოვეს თქმით ასეთი და მსგავსი კოოპერატივები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოფლებში დემოკრატიისა და სხვადასხვა ფასეულობების განვითარებაში.

,,ჩვენ ვიცით, რომ ქართულ სოფლებში არ არის ორგანიზაციები, ასოციაციები. ყველა თავისებურად აკეთებს საქმეს და არ არსებობს ნამდვილი ინსტიტუტები, რაც ხალხს გააერთიანებს. კოოპერატივებს აქვთ ასევე სოციალური მოვალეობები, რაც მორგებულია თანამედროვე ცხოვრებასთან. კოოპერატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებისათვის მოსახლეობის ჩართულობაში. პირველი, რაც საქართველოს სჭირდება, არის ხედვა, დაგეგმვა და მოთმინება. ერთ წელიწადში ყველაფერი მოგვარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივ დროზე გავაკეთოთ კონცენტრაცია. მოკლე დროში ზოგჯერ შედეგს ვერ ვხედავთ, რადგან სოფლის მეურნეობა კლიმატურ პირიობებზეც არის დაფუძნებული. ამიტომ ხანგრძლივი დროით დაგეგმარება უმთავრესია“, - აღნიშნა ხუან ეჩანოვემ.

გაერო-ს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერის, ლაშა კომახიძის თქმით, კოოპერატივს გააჩნია ძალიან სერიოზული ირიბი დატვირთვა. მაშინ, როდესაც ფერმერები გაერთიანებულები არიან ერთ სამუშაო ჯგუფში, ისინი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.

„,მცირე მიწის ნაკვეთზე ძალიან რთულია კომერციულად მომგებიანი მეურნეობა ჰქონდეს ადამიანს და მის მიერ მოყვანილი მოსავალი იყოს საინტერესო ნებისმიერი შემსყიდველისთვის. კოოპერატივში გაერთიანების შემთხვევაში კი ეს პროცესი უფრო იოლდება“, - აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

ქრისტინე გამთენაძე