დასუფთავების მანქანები პიკის საათში თბილისის ვიწრო ქუჩებში აღარ იმუშავებენ

მერიამ დასუფთავების სამსახურის ავტომანქანების მუშაობის სპეციალური რეჟიმი შეიმუშავა. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ისინი ვიწრო ქუჩებში პიკის საათებში აღარ იმოძრავებენ. "რაც შეეხება მოქალაქეების მხრიდან გამოთქმულ უკამყოფილებას პიკის საათებში დასუფთავების ავტომანქანების მოძრაობასთან დაკავშირებით, აღნიშნულზე ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ და ქალაქის გადატვირთულ უბნებში, სადაც მაღალია საცობები, დასუფთავების ავტომანქანების სპეციალური მუშაობის რეჟიმი მოვამზადეთ. კერძოდ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, სადაც ვიწროა ქუჩები და ინტენსიურია მოძრაობა, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, დილის 9-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე და საღამოს 6-ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე, ანუ პიკის საათებში დასუფთავების ავტომანქანები ასეთ ვიწრო ქუჩებში აღარ იმუშავებენ.  ეს გარკვეული თვალსაზრისით იმოქმედებს მოძრაობაზე და ინტენსიურს გახდის გადაადგილებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, თბილისის მერმა მოქალაქეებს მიმართა და სთხოვა, დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხს "სამოქალაქო პასუხისმგებლობით" მოეკიდონ, რათა ერთიანი ძალისხმევით შეძლონ დედაქალაქში სისუფთავის შენარჩუნება.