დავით ნარმანია: დედაქალაქში და მის შემოგარენში შემოდგომაზე 313 ათას წიწვოვან და ფოთლოვან ხეებს დავრგავთ

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი, რომელიც ქალაქის ქუჩების განტვირთვას და შესაბამისად, სხვადასხვა სირთულეების თავიდან აცილებას უკავშირდება.

როგორც დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მერია ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გადაადგილება და ქალაქში ცხოვრება იყოს უფრო მეტად კომფორტული. ნარმანიამ ისაუბრა ქალაქის გამწვანების საკითხზეც. მისი თქმით, უკვე დადგა გამწვანების სეზონი და მერიამ ინტენსიური მუშაობა დაიწყო ქალაქის სხვადასხვა უბნების და შემოგარენის გამწვანების თვალსაზრისით. "ამ შემოდგომაზე ჩვენ ერთ-ერთი აქცენტი ავიღეთ ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობაზე და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მეშვეობით რაიონულ გამგეობებს 35 ათასი ნერგი გადაეცემათ, რათა ცალკეულ უბნებში ამხანაგობების საერთო სარგებლობის ეზოებში არსებული ტერიტორიები გამოვიყენოთ და გავამწვანოთ. დამატებითი მოთხოვნა რაც არსებობს ნერგებთან დაკავშირებით, ასევე გამოცხადებულია ტენდერი და დამატებით 6 ათასი ნერგი კიდევ გადაეცემათ გამგეობებს. ჯამში ჩვენ, როგორც გამგეობების მეშვეობით, ასევე გამწვანების სამსახურის მეშვეობით, დედაქალაქის ცალკეულ ნაწილებში და მის შემოგარენში ამ შემოდგომაზე 313 ათას წიწვოვან და ფოთლოვან ხეებს დავრგავთ, რაც დამერწმუნებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა", -განაცხადა ნარმანიამ.