წლის ბოლომდე ლარის კურსი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს

ქვეყნის მთავარი ბანკირი ეროვნული ვალუტის "მეტ მერყეობას" აღარ ელის და აცხადებს, რომ თუ ეკონომიკა გაიზარდა, კურსიც უფრო მეტად გამყარდება. წლის ბოლომდე ლარის დევალვაციას არც სპეციალისტები ელიან. მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ სებ-ი სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და პოლიტიკას იმ მიმართულებით წაიყვანს, გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოსთვის კურსი 2,35-ის ნიშნულსაც კი ჩამოსცდეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ასე თუ ისე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლომდე ლარი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს.

ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 2,38-2,4-ის დიაპაზონშია. სებ-ის მიერ დადგენილი კურსით, დღესაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2,3993 ლარი იქნება და როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ირწმუნება, "სხვა თანაბარ პირობებში ლარის მეტ მერყეობასაც აღარ უნდა ველოდოთ". "ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ ჩვენ ლარის მერყეობას აღარ ველოდებით. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი რყევა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ისევე როგორც წლის ბოლომდე ხარჯვის პროგნოზი, გამოირჩევა თანაბარი ტენდენციით.

შესაბამისად, ლარის კურსზე ბიუჯეტის მხრიდან ზეწოლა არ შეინიშნება. ამიტომ ეროვნული ვალუტა საბიუჯეტო წნეხისგან თავისუფალია. საბანკო სფეროს სპეციალისტის გოჩა თუთბერიძის პროგნოზით, გამორიცხული არ არის, რომ იმ მაკროეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რაც ამჟამად ქვეყანაშია, ლარი უფრო მეტად გამყარდეს. "ჩემი პროგნოზით, ლარის კურსი წლის ბოლომდე 2,38-2,39-ის ფარგლებში იმერყევებს, რადგან ამას ამბობს მონეტარული ორგანო, ანუ ეროვნული ბანკი და ამ მიზნის მისაღწევად მის ხელში უამრავი ბერკეტია. რაც შეეხება ფისკალურ ორგანოს, ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტი თანაბარზომიერად იხარჯება და წლის ბოლოს არ მოხდება მიმოქცევაში დიდი ფულის გაშვება. ასე რომ, კურსი ასე სტაბილური უნდა დარჩეს, შეიძლება ცოტათი გამყარდეს კიდეც, რადგან ამის ყველა საშუალება არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. თუ არაფერი მოხდა, წლის ბოლომდე ლარს პრობლემა არ შეექმნება", - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ.

ლარის გამყარებას პროგნოზირებს ეკონომისტი მიხეილ დუნდუაც. მისი აზრით, ყველა ფაქტორი, რომელსაც შეიძლება უარყოფითად ემოქმედა ლარის კურსზე, ამოწურულია და ამ თვალსაზრისით ტენდენცია მხოლოდ დადებითია. მეტიც, ლარი შეიძლება გამყარდეს კიდეც, თუკი ეროვნული ბანკი იმ ღონისძიებებს გაატარებს, რაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებშია საუბარი. "სავალუტო ფონდის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნებულია საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, პროგნოზი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ასე რომ, სავალუტო დანაკარგების თვალსაზრისით, მდგომარეობა უკეთესია. გარდა ამისა, ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვის ტენდენცია ძალაშია, ინვესტიციების მაჩვენებელი, ტურისტული შემოსავლები გაზრდილია. რა თქმა უნდა, კურსის სტაბილიზების შესაძლებლობა არსებობს. მთავარია, ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მხოლოდ ამ სიტუაციის შენარჩუნება არ მგონია, იყოს ეფექტური, კარგი და მოსაწონი. თუ გიორგი ქადაგიძე გადადგამს ნაბიჯებს და სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყებს სამომხმარებლო სესხების შეზღუდვას და დარეგულირებას, პარალელურად კი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს გამოაქვეყნებს და ამ კონტექსტში დაიწყებს მაკროპოლიტიკის კორექტირებას, ამ შემთხვევაში გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ. ასე რომ, სებ-ის აქტიურობის შესაბამისად, ჩემი აზრით, წლის ბოლოსთვის კურსი 2,35-ის მაჩვენებელსაც კი უნდა ჩამოსცდეს", - დასძინა დუნდუამ.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ ვითარებას,  საგადასახდელო ბალანსის მიხედვით, 2015 წლის მეორე კვარტალში, წლიურ გამოსახულებაში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 16,2%-ით გაუმჯობესდა.

თუ 2014 წლის მეორე კვარტალში დეფიციტი 423 მილიონ დოლარს შეადგენდა, წლეულს ეს მაჩვენებელი 354 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ასევე გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ტრანსფერები, რამაც დადებით როლი შეასრულა სავაჭრო დეფიციტის დაფინანსებაში. კვარტალის კვარტალთან შედარებით, 2015 წლის 5,6%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 379 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ტანსფერების მოცულობამ 15,3%-ით მოიმატა - 423 მილიონ დოლარამდე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2015 წლის მეორე კვარტალში, მთლიანი შიგა პროდუქტის 10,4% შეადგინა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 10-წლიან მონაკვეთში (თუ არ ჩავთვლით 2013 წელს, როდესაც რუსული ემბარგოს გაუქმების შემდეგ ექსპორტი სწრაფი ტემპით გაიზარდა). ეკონომისტების გათვლით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად იქნა გადაფარული პირდაპირი ინვესტიციებით, სესხებითა და სხვა წყაროებით.

როგორც ცნობილია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 89%-ით 354 მილიონ დოლარამდე, ხოლო სესხების სახით შემოდინება თითქმის 9-ჯერ აღემატება შარშანდელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"