საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოში გაწევრიანდა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა "ნენსკრა ჰესის" პროექტის ინვესტორი კომპანია K Water-ის მიწვევით კორეის დედაქალაქ სეულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.  საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო აზიის წყლის საბჭოს სხდომაში, რომელსაც აზიისა და ევროპის ქვეყნების სამთავრობო და კომერციული სტრუქტურების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "K Water-ის რეკომენდაციით, საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოს წევრი გახდა, რაც ფონდს შესაძლებლობებს აძლევს, მოიზიდოს დამატებითი ფინანსები წყლის რესურსების მართვის, ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სასმელი წყლისა და საირიგაციო სისტემების და ჰიდროსადგურების განვითარებისთვის", - აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.

მათივე ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ შეხვედრები გამართა ასევე K Water-ს პრეზიდენტთან, კორეის ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კორეის განვითარების ბანკში. "მათი მხრიდან გამოითქვა ინტერესი საქართველოში საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისა და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით", - აცხადებენ ფონდში.