ოთარ დანელია ესტონელ კოლეგას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ესტონეთის რესპუბლიკის სასოფლო საქმეთა მინისტრს ურმას კრუუზეს შეხვდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ქალაქ ტალინში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ესტონეთში სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების კუთხით აღმოჩენილი დახმარებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კონტექსტში, ევროპული სტანდარტების დანერგვის კუთხით საქართველოსთვის ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრარული კუთხით თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებს, მათ შორის, სურსათის უვნებლობასა და სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების დანერგვას.

სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელიამ ურმას კრუუზეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ესტონელი კოლეგა საქართველოში მიიწვია. შეხვედრას ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოლავი პეტრონი და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.