პაატა ზაქარეიშვილი: მზად ვართ, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს არსებულ ოსურ სოფლებს გაზი მივაწოდოთ

მზად ვართ, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს არსებულ ოსურ სოფლებს გაზი მივაწოდოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.  მინისტრის თქმით, გაზის მიწოდების თემით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სპეკულირებს და ზამთარში მოსახლეობას თავადვე ყინავს. "ნამდვილად არ ვიცი, რა თქვა ბატონმა თიბილოვმა. კომენტარს ვერ გავაკეთებ, სანამ დოკუმენტს არ გავეცნობი. 2008 წლამდე, სამხრეთ ოსეთს თბილისიდან მიეწოდებოდა გაზი. 2008 წლის შემდეგ, ეს პროცესი შეწყდა. ოსური მხარე ხშირად სპეკულირებდა, თითქოს ქართული მხარე გაზს აღარ აწვდიდა. სამწუხაროდ, მათ ამის საფუძველი ჰქონდათ, რადგან 2012 წლამდე, სანამ ჩვენ ხელისუფლებაში მოვიდოდით, მათ თბილისის მხრიდან გაზი არ მიეწოდებოდათ. როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, მაშინვე შევთავაზეთ და მე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას შეტყობინება გავუგზავნე, რომ მზად ვიყავით, აღგვედგინა ახალგორის გაზით მომარაგება. თუ მანამდე სპეკულირებდნენ, რომ ქართველები ბავშვებს სკოლებში და ავადმყოფებს საავადმყოფოებში ყინავდნენ, პასუხად მივიღეთ, რომ გაზს რუსეთიდან მიიღებდნენ",-აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ყოველი ზამთრის წინ ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ მზად ვართ, აღვადგინოთ გაზის მიწოდება ახალგორის რაიონში.  "ეს იმიტომ, რომ გაზი მხოლოდ ახალგორს მიეწოდებოდა. პასუხად ამბობენ, რომ ისინი რუსეთის გაზს ელოდებიან და ამასობაში საკუთარ მოსახლეობას თავად ყინავენ. ყოველთვის ჩვენ გაზის მიწოდებას ვთავაზობდით და ისინი არ იღებდნენ. ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ გამყოფი ხაზის გასწვრივ ყველა სოფელი გაზიფიცირებულია და მზად ვართ, ამ სოფლებიდან მივაწოდოთ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს არსებულ ოსურ სოფლებს გაზი", - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა.

დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, "გაზპრომის" ერთ-ერთი ინსტიტუტის მიერ შემუშავებულია სამხრეთ ოსეთის გაზმომარაგების სქემა და წლის ბოლომდე გაიმართება შეხვედრა "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსანდრე მილერთან. თიბილოვი აცხადებს, რომ "გაზპრომი" სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირებას სრულად მოახდენს.