კახა კალაძისთვის "გაზპრომსა" და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ უცნობია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძისთვის ცხინვალის გაზმომარაგებასთან დაკავშირებით "გაზპრომსა" და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ უცნობია.  "არ ვიცი. პირველად მესმის. ვერაფერს გეტყვით. გავერკვევი", - ასე უპასუხა კალაძემ მედიის შეკითხვას, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის განცხადებას შეეხებოდა. კალაძის მტკიცებით, "გაზპრომთან" საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებები "სხვა მიმართულებით" მიმდინარეობს.  "ცხინვალი ადრე ბუნებრივი აირით ჩვენი მხრიდან მარაგდებოდა. იმის მერე, რაც 2008 წელს მოხდა, მისთვის გაზის მიწოდება აღარ ხდება. შესაბამისად, დღესღეობით ის ვერ მარაგდება ბუნებრივი აირით, ისევე როგორც არც აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არის გაზი. რაც შეეხება "გაზპრომთან" ჩვენს მოლაპარაკებას, ეს სხვა მიმართულებაა. თან "გაზპრომთან" ურთიერთობები ჩვენ გვაქვს წლების განმავლობაში და ეს გუშინ არ დაწყებულა", - განაცხადა კალაძემ, რომლის ინფორმაციითაც "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, "გაზპრომის" ერთ-ერთი ინსტიტუტის მიერ შემუშავებულია სამხრეთ ოსეთის გაზმომარაგების სქემა და წლის ბოლომდე გაიმართება შეხვედრა "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსანდრე მილერთან. თიბილოვი აცხადებს, რომ "გაზპრომი" სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირებას სრულად მოახდენს.