კომუნიკაციების კომისია "მაგთიკომის" მიერ "კავკასუს ონლაინის" საოპერაციო აქტივების შეძენის საკითხს განიხილავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხვალ "მაგთიკომის" მიერ "კავკასუს ონლაინის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის საკითხს განიხილავს.

შესაბამისი სხდომა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება. როგორც ცნობილია, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას "კავკასუს ონლაინის" აქტივების შეძენის განაცხადით აგვისტოში "სილქნეტმა" და "მაგთიკომმა" მიმართეს. კომისიამ "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" წილების შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაიწყო. კვლევის ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციის წარმოსადგენად კომპანიებს ვადა 2015 წლის 20 სექტემბრამდე მიეცა.

გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომისიას კომპანიების შერწყმის შემთხვევაში ინტერნეტ ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ალბათობა უნდა შეესწავლა, რის საფუძველზეც, შემდეგ წინასწარი თანხმობის მიცემის ან არმიცემის თაობაზე იმსჯელებდა, თუმცა როგორც კომისიაში აცხადებენ, კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არცერთმა კომპანიამ არ წარმოადგინა, რის გამოც, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს "სილქნეტისა" და შპს "კავკასუს ონლაინის" ერთობლივი განცხადება კომპანიების წილების შერწყმის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ განუხილველად დატოვა.