"სამერცხლეები" თბილისში - ანუ სხვენის საცხოვრებელ ფართებად გადაკეთების დილემა

ბოლო წლებში თბილისში გახშირდა სხვენის საცხოვრებელ ფართებად გადაკეთების შემთხვევები, რასაც ე.წ. სამერცხლეებს ვუწოდებთ. ეს მშენებლობები უმეტესად კანონიერად დაიწყო, რადგან ამის საფუძველს მოქმედი კანონმდებლობა იძლეოდა. თუმცა მოგვიანებით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მათი უმრავლესობა უკანონო დაშენებად გადაიქცა და მისი მფლობელების უმეტესობა დღეს დაჯარიმების და დემონტაჟის განხორციელების საფრთხის წინაშე დგანან, მათი ნაწილი კი უკვე დაჯარიმებულია.

2015 წლის 20 აპრილის ცვლილებით მთავრობის დადგენილებიდან "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" ამოღებულ იქნა "მ" ქვეპუნქტი, რითიც ქალაქში არსებულ ათასობით ბოლო წლებში დაშენებული ე.წ. სამერცხლეების აბსოლუტური უმრავლესობა გავიდა სამართლებრივი სივრციდან და დღეის მდგომარეობით თითეული მათგანი მოკლებულია შესაძლებლობას, გამარტივებული წესით მოახდინოს მცირე მნიშვნელობის დარღვევის კორექტირებაც კი. მაგალითად, ამ საკანონმდებლო ცვლილებამდე დასაშვები იყო სხვენის (ე.წ. სამერცხლის) სიმაღლის უმნიშვნელო ცვლილების, გაბარიტების უმნიშვნელო ცვლილების, ფანჯრის ჩარჩოების, ფასადის ფერის ცვლილების შემთხვევაში გამარტივებული წესით კორეტირება, რაც დაჯარიმების ყოველგვარ ალბათობას გამორიცხავდა. დღეის მდგომარეობით კი, ვინაიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით სამერცხლეები ამოღებულ იქნენ პირველი კლასის მშენებლობის რიგიდან, მათზე გამკაცრებული რეგულაციები ვრცელდება.

სადაო საკითხია, რამდენად სწორი იყო თავის დროზე ამ ტიპის დაშენებებზე მშენებლობის ნებართვების გაცემა, რამდენად უხდება ის ქალაქს და რამდენად ერწყმის იერსახეს

. ამ საკითხზე დავა შეიძლება და უფრო მეტიც, შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო მსგავსი ნებართვის გაცემა თბილისი მერიას თავის დროზე არც დაეწყო, თუმცა ზემოაღნიშნული ცვლილების შემდეგ ვიღებთ ბევრად უარეს შედეგს, კერძოდ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც მოიქცნენ კეთილსინდისიერად, ისარგებლეს კანონით მინიჭებული ამ უფლებით, მიიღეს ნებართვა 2015 წლის 20 აპრილამდე და მშენებლობის წარმოებისას დაუშვეს ყოვლად უმნიშვნელო ხარვეზები (მაგალითად, თეთი მეტალო პლასტმასის ჩარჩოების ნაცვლად გამოიყენეს ყავისფერი, იგივე ჩარჩოს მაგალითზე, მაგალითად 3 სმ-სიგანის ჩარჩოს მაგივრად გამოიყენეს 4სმ-ის სისქის ჩარჩო და ა.შ.) წართმეული აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმ გამარტივებული პროცედურებით, რომელიც მათთვის ნებართვის მიცემის პერიოდში მოქმედებდა. ეს საკანონმდებლო სივრცეში სრულიად გაუგონარი მოვლენაა, რადგან იმ კანონის უკუძალის გამოყენება, რომელიც აუარესებს პირების სამართლებრივ მდგომარეობას, სრულიად დაუშვებელია.

დღეს არსებული პრობლემის წინაშე დგას ძალიან ბევრი მოქალაქე. ისინი აღმოჩნდნენ ამ სამართლებრივი ლაფსუსის მსხვერპლნი და დგანან საშიშროების წინაშე, მიიღონ საკმაოდ სოლიდური საჯარიმო სანქციები. სამერცხლის სიმაღლეში ორი მეტრით იქნება გაზრდილი თუ ფანჯრის ჩარჩო იქნება 2-სმ-თ განიერი, კანონმდებლისთვის სულერთია და ორივე შემთხვევაში მოქალაქე 8000 ლარით ჯარიმდება და რადგან პირველი კლასის მშენებლობისთვის დადგენილი (სამერცხლის შემთხვევაში) გამარტივებული კორექტირების პროცედურა გაუქმებულია, დაჯარიმებასთან ერთად ისინი ვალდებულნი არიან მოახდინონ დარღვევების დემონტაჟი, რაც ტექნიკურად ძალიან რთული პროცედურაა და თუნდაც უმნიშვნელო დარღვევის გამოსწორების მიზნით შესაძლოა მთლიანი დაშენების დემონტირება გახდეს საჭირო. არსებულ ვითარებაში,  ყველა ის კეთილსინდისიერი მოქალაქე, რომელსაც კანონიერი ნდობა გააჩნდა მშენებლობის ნებართვის მიმართ და იცოდა, რომ დარღვევის შემთხვევაში შეძლებდა ფოტომონტაჟის დაკორექტირებას, დღეს ამ უფლების გარეშეა. ძალიან ბევრ მსგავს შემთხვევაზე ქ. თბილისის მერიას უკვე დაწყებული აქვს დაჯარიმების საქმის წარმოება, ბევრიც დაჯარიმებულია. გამოსავლად კი ქ. თბილისის არიტექტურის სამსახური გვთავაზობს ვიყიდოთ კოეფიციენტი (პირველი კლასის შემთხვევაში ეს აუცილებელი არ იყო), შევათანხმოთ მშენებლობის ნებართვა და პროექტი (პირველი კლასის შემთხვევაში მხოლოდ ფოტომონტაჟი თანხმდებოდა) და აუცილებლად გადავიხადოთ ჯარიმა, რადგან, პირველი კლასის მშენებლობის გარდა, სხვა ნებისმიერ კლასის მშენებლობაზე დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის პროექტის კორექტირება დასაშვებია მხოლოდ ჯარიმის ქვითრის წარდგენის საფუძველზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზემოაღნიშნული ცვლილებით, ის, რაც მანამდე უფასო პროცედურა იყო, ახლა 8000 ლარი ღირს მინიმუმ და პროექტის შექმნის ხარჯიც, რომელიც 2000-3000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს ხარჯების შემჭიდროვებული ჩამონათვალია, ისიც იმ შემთხვევაში თუ კოეფიციენტის ყიდვა არ გახდება საჭირო, ეს კი ძნელად წარმოსადგენია. თავის მხრივ კოეფიციენტის ფასი კი შესაძლოა ასტრონომიულიც იყოს. ყველა ზემოთ მითითებული ფაქტი ცხადყოფს, რომ სახეზე გვაქვს ისეთი სამართლის ნორმის უკუძალის გამოყენება, რომელიც აუარესებს მოქალაქეების მდგომაროებას, ეს კი კანონმდებლობით აკრძალულია.

ბუნებრივია, ყველას გვინდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, რა იქნებოდა სწორი, ან რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ მდგომარეობას დავაღწიოთ თავი?

პირველ რიგში, ქ. თბილისის მერიამ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ ცვლილებმადე მიღებული ჰქონდა სამერცხლის დაშენების უფლება უნდა მისცეს უფლება ფოტომონტაჟის კორექტირება განახორციელოს იმავე გამარტივებული წესებით, რომელიც მოქმედებდა ამგავრი ნებართვის გაცემის პერიოდში. 2015 წლის 20 აპრილის შემდეგ მსგავსი დარღვევისთვის დაჯარიმებული ყველა პირი უნდა გაათავისუფლოს ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან, ხოლო ახალი რეგულაცია გამოიყენოს მხოლოდ იმ პირების მიმართ, ვისზეც სამერცხლის მოწყობის ნებართვა 2015 წლის 20 აპრილის შემდეგ გაიცა, ანუ არავისზე, რადგან რამდენადაც ცნობილია, მსგავსი ტიპის ნებართვებს მერია აღარ გასცემს. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შექმნილი სამართლებრივი ბუნდოვანება რეალურ პრობლემას წარმოადგენს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სამერცხლეების დაშენება აბსოლუტურად ლეგალური საფუძვლით - თბილისის მერიის მიერ გაცემული ნებართვით აწარმოეს - თუმცა დღეს დგანან დაჯარიმების და დემონტაჟის განხორციელების საფრთხის წინაშე, რადგან დღევანდელი რეგულაცია, მართალია იძლევა ძალიან აბსტრაქტულ შესაძლებლობას სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს მსგავსი დაშენებები, მაგრამ იმდენად დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული მისი განხორციელება, რომ ამ გზით წასვლა არარეველანტურია.

ექსპერტი სამშენებლო სამართალში,

სამართლის დოქტორი უჩა ზაქაშვილი