ოთარ დანელია ტალინში სურსათისა და ფერმენტაციის ტექნოლოგიების კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ტალინში სურსათისა და ფერმენტაციის ტექნოლოგიების კომპეტენციის ცენტრი დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. მათივე განმარტებით, სურსათის და ფერმენტაციის ტექნოლოგიების კომპეტენციის ცენტრის დირექტორთან ურმას სანიკთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოსა და ესტონეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ განსაკუთრებული ყურადღება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების მნიშვნელობაზე გაამახვილა. "საქართველოში მთელი რიგი რეგულაციები უკვე ამოქმედდა, ეს გახლავთ ევროკავშირთან დაახლოების პროგრამის ნაწილი, ეს არის ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ჩვენ ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ, რათა ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე შეუფერხებლად გავიდეს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ჩემს ესტონელ კოლეგასთან შეხვედრაზე აღვნიშნე და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ევროპული სტანდარტების დანერგვის კუთხით საქართველოსთვის ესტონეთის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სურსათის და ფერმენტაციის ტექნოლოგიების კომპეტენციის ცენტრი (CCFFT) უახლესი, თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა საფუარის ფერმენტაცია, ბიოპროცესის ოპტიმიზაცია, უჯრედის დიზაინი, რძის ნაწარმის ფერმენტაცია, კვების პროდუქტების ხარისხი და სტაბილურობა, სურსათის მიკრობიომა და ფქვილის კვლევა. "საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი საკვები პროდუქტების შექმნის მიზნით, სურსათის და ფერმენტაციის ტექნოლოგიების კომპეტენციის ცენტრი (CCFFT) კვების პროდუქტების ესტონელ მწარმოებლებსა და წამყვან მკვლევრებს შორის მჭიდრო პარტნიორობას უწყობს ხელს", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.