ოჯახის წევრის გარდაცვალება შესაძლოა, სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდეს

ანზორ გურაშვილი და მისი მეუღლე ელდინო გურაშვილი, სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში ცხოვრობდნენ. ელდინოს გარდაცვალებამდე ისინი სოციალურად დაუცველთა ფენას მიეკუთვნებოდნენ.

3 თვის წინ ელდინო გარდაიცვალა და მისი პენსიონერი მეუღლე სრულიად მარტო, კეთილი ადამიანების დახმარების იმედად დარჩა. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ სოციალურმა აგენტმა კიდევ ერთხელ გადაამოწმა ოჯახში არსებული მდგომარეობა. რამდენიმე დღის წინ გურაშვილის სახელზე მივიდა დეკლარაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოხუცი პენსიონერი სოციალურ დახმარებას ვეღარ მიიღებდა, რადგან აგენტმა 78 000 ქულა დააფიქსირა. 

როგორც bpn-ისთვის გახდა ცნობილი, მარტოხელა პენსიონერის ქონებას მხოლოდ 3 ოთახი შეადგენს. მის ეკონომიკურ გაჭირვებას ჯანმრთელობის პრობლემებიც ემატება. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 5 ქათამი, რომელიც მანამდე ორი ადამიანის კუთვნილებად ითვლებოდა, მხოლოდ ანზორის კუთვნილებად აღირიცხა. ბოლო თვეებში გახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობამ კი 40 ლარი შეადგინა. აგენტის თქმით, სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი სწორედ ეს უკანასკნელი გახდა.

2015 წლიდან სოციალური სტატუსის განსაზღვრისას, ახალი მეთოდოლოგია ორიენტირებული უნდა იყოს ოჯახის შემოსავლებზე და არა - ხარჯებზე. სოციალურად დაუცველის სტატუსის მიმღები შეიძლება გახდეს ოჯახი, რომელსაც არ აქვს შემოსავალი ან შემოსავლის მომტანი რაიმე სახის ქონება. მაგალითად, დამატებითი ბინა, სახნავ-სათესი სავარგულები, ავტომობილი. ქულებზე გავლენას არ ახდენს პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგ. ტელევიზორი, გაზქურა, სარეცხი მანქანა და ა.შ. ახალი წესების მიხედვით, ქულების განსაზღვრაზე გავლენას ვერ მოახდენს სოციალური აგენტის სუბიექტური მოსაზრება.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ დემოგრაფიული ცვლილება ოჯახის ხელახალი გადამოწმების საფუძველს იძლევა.

”როდესაც ოჯახს ემატება ან აკლდება ოჯახის წევრი, ასეთ შემთხვევაში ხდება ოჯახის ხელახალი გადამოწმება, გავეცანით ანზორის დეკლარაციას და ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვნახეთ. დეკლარაციაში მითითებულია, რომ არის მარტოხელა პენსიონერი, თუმცა დეკლარაციაში წერია, რომ ჯანმრთელია. თუ ავადმყოფია, უნდა წარადგინოთ ფორმა ასი რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოში და მოითხოვოთ ხელახალი გადამოწმება. ყველა პენსიონერს რომ დავუნიშნოთ სოციალური დახმარება, ამის საშუალება არ არის”, - განუცხადეს bpn-ს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, სოციალურად დაუცველთა მომსახურებაზე ყოველთვიურად 20-22 მილიონი ლარი იხარჯება. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა კი 430 000-მდე მერყეობს.

საქსტატის მონაცემებით, საპენსიო პაკეტის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობა 866,2 ათასს აღწევს. საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისთვის 60 ლარით განისაზღვრება.