ახლა ბინის შესაძენად ყველაზე კარგი დროა

ლარის კურსის ვარდნამ და ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ უძრავი ქონების ბაზარზე დიდი გავლენა იქონია. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, ბინებზე მოთხოვნა 50-60%-ით შემცირდა. მოთხოვნის შემცირებამ ფასის კლებაც გამოიწვია. უძრავი ქონების სააგენტოებში თითქმის ყველგან ერთნაირი მდგომარეობაა, სააგენტოები მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას უჩივიან.

როგორც უძრავი ქონების სააგენტო ”ბერუკა”-ს მენეჯერმა დავით ბერელიძემ bpn.ge-ს განუცხადა, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განახევრებულია. ”ბოლო რამდენიმე თვეა ბინებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. ბინების გაყიდვა შემცირდა როგორც გარე, ისე ცენტრალურ უბნებში. რაც შეეხება ფასებს, დაახლოებით 5%-ით შემცირდა. ქვეყანში ისე გაჭირდა, საშუალო ფენა აღარ გვყავს და გაჭირვება უძრავ ქონებასაც დაეტყო,” -განაცხადა დავით ბერელიძემ.

უძრავი ქონების კომპანია "მაკლერ.გე" -ს მენეჯერი ხათუნა შურღაიაც აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ბინებზე ფასები შემცირდა. ”ძირითადი მყიდველები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იპოთეკური სესხის დახმარებით ყიდულობენ უძრავ ქონებას. იქიდან გამომდინარე, რომ სესხი გაიცემა დოლარში, ხოლო მოსახლეობის 99%-ს შემოსავალი აქვს ლარში, ეს პროცესი აფერხებს კრედიტების დამტკიცებას, დამტკიცების შემთხვევაში კი ვერ აუდის კლიენტი გადასახადს. ამ პროცესმა ბინებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. რადგან კრიზისია, კლიენტები ელოდებიან ფასდაკლებას. თუმცა, ვისაც აქვს დანაზოგი, ყველაზე ხელსაყრელი დროა უძრავი ქონების შესაძენად. ბინებზე ფასები 20%-ით შემცირდა. ყველაზე მოთხოვნად უბნად კი კვლავ საბურთლო რჩება, სადაც ფასები და მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. გაცილებით რთული მდგომარეობაა ბინების გაქირავების კუთხით, ძირითადი მოთხოვნა დაბალფასიან სეგმენტზეა. მაღალფასიან ბინებს უცხოელები ქირაობდნენ და დღეს მათი მხრიდანაც აღარ არის მოთხოვნა. უცხოელების ნაკადი შემცირებულია, ასევე, შემცირებულია მათი ბიუჯეტი, რამაც ბინების გაქირავების კუთხით პრობლემები შექმნა. ბინის მეპატრონეებს დიდი ხნით აქვთ უძრავი ქონება დაუტვირთვი, რაც არასწორია. ჩვენ ვურჩევთ ხოლმე ბინის მეპატრონეებს, რომ ჯობია გააქირავონ, ვიდრე მაღალბიუჯეტიანი უცხოელის მოლოდინში დაკარგონ ის შემოსავალი, რასაც სთავაზობენ. ბოლო რამდენიმე თვეა ბინის გაქირავებაზე ფასები 30%-ით შემცირდა, " -განუცხადა bpn.ge-ს ხათუნა შურღაიამ.

უძრავი ქონების სააგენტო ”კიბე”-ს მენეჯერი ამბობს, რომ ბინებზე მოთხოვნა 70%-ით შემცირდა. ”უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა. განსაკუთრებით შემცირდა მოთხოვნა მეორად ბინებზე. ძირითადად ის ბინები იყიდება, რომლებსაც დაშენების პერსპექტივა აქვს. ძირითადად, 25 000-დან 35 000 დოლარის ფარგლებში”, -აცხადებენ უძრავი ქონების სააგენტოში.

თიკო გურაშვილი