დიმიტრი ხუნდაძე: მოსახლეობის დაბერება არ არის საშიშროება, რომელიც უნდა ავირიდოთ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა დაბერების საკითხებთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა აღმასრულებელი სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. "დაბერების თემა და ხანდაზმულობაზე ზრუნვა საქარველოსათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ერის აქტიური დაბერება, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეკონომიკურ და საბიუჯეტო რესურსებზე. მოსახლეობის დაბერება არ არის საშიშროება, რომელიც უნდა ავირიდოთ - ეს არის დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი რეალობა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს პოლიტიკის დარეგულირება. უნდა ვიზრუნოთ ხანდაზმული ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მონაწილეობაზე, ჯანმრთელობაზე, სოციალურ დაცვაზე, შრომის ბაზარზე მათი გამოცდილების გამოყენებაზე, გენდერულ საკითხებზე, თაობათა შორის სოლიდარობაზე და მრავალ სხვა საკითხზე. ამისათვის საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა მულტისექტორული ჯგუფი, სადაც გაერთიანებულნი არიან სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თითქმის ყველა უწყების მინისტრები და მათი მოადგილეები. დამტკიცდა დაბერების საკითხებთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავების სამუშაო ჯგუფის დებულება. განხილულ იქნა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთი წლის მანძილზე შემუშავებული იქნება სტრატეგიული მოქმედების გეგმა", - აცხადებს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 15 დეკემბერს გაიმართება, სადაც განხილული იქნება ეროვნული გეგმის პირველი პროექტი.