სექტემბერში სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 1.1 %-ით გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის სექტემბერში სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 1.1 %-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის 2015 წლის სექტემბრის "თვის მიმოხილვაში". მიმოხილვის თანახმად, 2015 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 1.1 %-ით გაიზარდა. 2014 წლის სექტემბერში თვის ინფლაცია 1.2 %-ს შეადგენდა. შედეგად, საანგარიშო პერიოდში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 5.2 %-ს გაუტოლდა.

"საანგარიშო თვეში, სურსათის კატეგორიაში ფასების დონე წინა თვესთან შედარებით 1.3 %-ით გაიზარდა. თვის ინფლაციის შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა "საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეების" ჯგუფში, რაც ადმინისტრირებადი ფასების, კერძოდ, კი ელექტროენერგიის გადასახადის მატების შედეგია. აღსანიშნავია ასევე "ჯანმრთელობის დაცვის" კატეგორია, სადაც ინფლაციის ზრდა სადაზღვევო მომსახურების და მედიკამენტების ფასების მატებამ გამოიწვია. მცირე იყო ფასების ცვლილება სხვა კატეგორიებში. ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად იმპორტული საქონლის გაძვირება აისახა საბაზო ინფლაციაზე, რომელზე დაკვირვებაც მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის", - ნათქვამია "თვის მიმოხილვაში".

მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გაზომილი სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილების ტემპი 7.2 %-მდე გაიზარდა.