ბანკები მდიდრდებიან, ბიუჯეტში კი არაფერი შედის

ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან, საბანკო სექტორს ბიუჯეტში ყველაზე ცოტა თანხა შეაქვს. სპეციალისტების განცხადებით, ბანკები დღემდე განსაკუთრებული პრივილეგიებითა და შეღავათებით სარგებლობენ. შესაბამისად, სახელმწიფო, მომხმარებელი და სხვა კომპანიებიც, რომელთაც ბანკების პროფილურ ბიზნესებთან კონკურენცია უჭირთ, ზარალდებიან.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საბანკო სექტორის წმინდა მოგება 86 მილიონი ლარით გაიზარდა და 377 მილიონ ლარს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, 2015 წლის ბოლოს ბანკების მოგება ნახევარ მილიარდს გადააჭარბებს (2014 წელს 475 მილიონი ლარი იყო). საბანკო სექტორმა კი სახელმწიფო ბიუჯეტში იანვრიდან სექტემბრამდე, მოგების გადასახადის სახით, 46,6 მილიონი ლარი შეიტანა. 2014 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 80 მილიონ ლარს აღწევდა. სპეციალისტების განცხადებით, ასეთი მომგებიანი სექტორიდან სახელმწიფო ყველაზე მცირე სარგებელს იღებს, გამომდინარე იქიდან, რომ საბანკო სექტორი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობს.

ეკონომიკის დოქტორის, პროფესორ დავით ასლანიშვილის განცხადებით, საბანკო სექტორი გათავისუფლებულია მთელი რიგი გადასახადებისგან. მთლიანი საფინანსო სექტორის მიმართ დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ამ შეღავათების მიზანი იყო საფინანსო სექტორის წახალისება და ეკონომიკის ფართო დაკრედიტება. თუმცა, ბანკები, არასაკმარისი ფინანსური რესურსისა თუ მაღალი მოგების მიღების გამო, ძირითადად, ვაჭრობას აკრედიტებენ და რეალური სექტორის დაფინანსებას ერიდებიან. ასლანიშვილის ინფორმაციით, 1999-2000 წლებში ამერიკაში მსგავსი შეღავათების დაწესება დაიწყო ბილ კლინტონმა და ამას მოჰყვა მსოფლიო კრიზისი. მოგვიანებით ამერიკაში ბანკებს შეღავათები ისევ გაუუქმეს. საქართველოში 2004-2006 წლებში, სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის ინიციატივით, საბანკო სექტორმა მნიშვნელოვანი შეღავათები და პრივილეგიები მიიღო. "ეს წესი ჩვენთან დარჩა და დღესაც მოქმედებს", - აღნიშნავს დავით ასლანიშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომერციული ბანკები საგადასახადო შეღავათების გარდა სხვა პრივილეგიებითაც სარგებლობენ. მხოლოდ მათ აქვთ მინიჭებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენის პირველადი დილერის ფუნქცია. ამასთანავე, ბანკები პირდაპირ თუ ინსაიდერული პირის მეშვეობით, შესულები არიან არაპროფილურ დარგებში - საბროკერო კომპანიები, განათლების სექტორი, სადაზღვევო კომპანიები, სამშენებლო სექტორი და სხვა. საფონდო ბირჟა კი საერთოდაც ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა იყიდა. მაგალითად, ამერიკაში ფიზიკურ პირს აქვს ფასიანი ქაღალდების შეძენის შესაძლებლობა კომერციული ბანკის შუამავლობის გარეშე, ქართველი მომხმარებელი ამ შესაძლებლობაშიც შეზღუდულია. "ერთობლიობაში ვიღებთ სურათს, როდესაც შუამავალ ინსტიტუტს შესაძლებლობა აქვს, გარედან დეპოზიტების სახით მოიზიდოს თანხა და განახორციელოს ინვესტიციები მისთვის მისაღებ და მომგებიან დარგში. სხვა კომპანიები კი კონკურენტულ ბრძოლაში რჩებიან წაგებულნი. კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ, ფინანსური ნაკადები თავიანთ სასარგებლოდ მოირგონ და ამით ზარალდება როგორც სახელმწიფო, ისე მომხმარებელი", - ამბობს დავით ასლანიშვილი.

ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა "რეზონანსთან" ამბობს, რომ კომერციული ბანკების დაბეგვრა ცოტათი განსხვავდება სხვა სახის საწარმოების დაბეგვრისგან თუნდაც იმით, რომ იქ ხარჯებში გათვალისწინებულია რეზერვების მოცულობა. ამიტომ, მისივე თქმით, კომერციულ ბანკს ყოველთვის აქვს ლავირების საშუალება, რათა საკუთარი საგადასახადო ბაზა შეამციროს. "ამასთან, ბანკს უფლება აქვს, გადაავადოს გადასახადის გადახდა. გარდა ამისა, აკლდება ის თანხა, რომელიც მათ ეროვნულ ბანკში "მკვდრად უდევთ", ანუ სარეზერვო შენატანი და ა. შ. მიუხედავად ამისა, გადასახადი მაინც ძალიან მცირეა", - განმარტავს ლია ელიავა და აღნიშნავს, რომ 21 კომერციული ბანკიდან 5-7 მუდმივად ზარალზე მიდის. "ასეთი ბანკები დასახურია, თუმცა ეროვნული ბანკი მათ ყურით ათრევს, რათა ბანკების რაოდენობა იყოს დიდი. ეჭვს იწვევს კომერციული ბანკების ანგარიშგების სისწორეც. ეს უკვე ეროვნული ბანკის პრობლემაა, რადგან მისი კონტროლის ფუნქცია არის დაქვეითებული. სებ-ი სრულფასოვნად ვერ აკონტროლებს კომერციული ბანკების ფინანსურ საქმიანობას. ის, რომ კომერციული ბანკები ასე მცირე გადასახადს იხდიან ბიუჯეტში, არ არის ნორმალური მოვლენა. ამ დროს ეროვნული ბანკი ძალიან ამაყობს და ამბობს, რომ საფინანსო სექტორი ერთ-ერთი წარმატებული და მზარდია ქვეყანაში. მე მგონია, ასე არ არის, რადგან ის ბიუჯეტს, პრაქტიკულად, არაფერს მატებს", - აცხადებს ლია ელიავა და დასძენს, რომ საბანკო სექტორმა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტ თანხას ატრიალებს და მისი წლიური აქტივები დაახლოებით 20 მლრდ ლარს შეადგენს, შარშან ხაზინაში წლიურად დაახლოებით იმ რაოდენობის გადასახადი გადაიხადა, რომელიც მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 0,8%-ს შეადგენს.

"საქართველოს მოსახლეობას სულ არ აინტერესებს, თუ რა მოგება აქვს კომერციულ ბანკს, რადგან ეს არის კერძო მოგება და კერძო ჯიბეში მიდის. ხალხს ის უფრო აინტერესებს, რა რაოდენობით თანხა გადაინაცვლებს მოსახლეობის ჯიბეში, ანუ ბიუჯეტში. იქ კი, როგორც ნახეთ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა თანხა შედის. საბანკო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკაში წარმოქმნილი მონსტრი, რომელმაც შეისრუტა მთლიანად საფინანსო სახსრები, ისრუტავს ეკონომიკის დარგებს, შრომის რესურსებს და ეს მონსტრი ეკონომიკის სხვა დარგებს განვითარების საშუალებას არ აძლევს", - განმარტავს ექსპერტი.

სპეციალისტების განმარტებით, ბიზნესის თამაშის წესები უნდა განსაზღვროს სახელმწიფომ უხეში ჩარევის გარეშე და ამ მიმართულებით ხელისუფლებას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება აუცილებლად მოუწევს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"