კახა კალაძე: აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს

აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ გაზის ძალიან დიდ მოცულობას ვიღებთ აზერბაიჯანიდან და ამ ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტისას "გაზპრომთან" დაწყებულ მოლაპარაკებებზე საუბარი, კალაძემ აღნიშნა, რომ ალიევის ვიზიტთან "გაზპრომი" არაფერს შუაში არ არის.  "გაზპრომთან დაწყებული მოლაპარაკებები ეს არის ჩვენი პრეროგატივა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რაც წლების წინ იყო, დღესაც გვაქვს, მომავალშიც იქნება; ეს ურთიერთთანამშრომლობა იყო, ჩვენ ვაგრძელებთ. მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ გაზის ძალიან დიდ მოცულობას ვიღებთ აზერბაიჯანიდან. ამ ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს, ვერც "გაზპრომთან" დაწყებული მოლაპარაკებები, რომლებიც ყოველწლიურად იყო, დღესაც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა რაიმე ახალი "გაზპრომთან" მოლაპარაკებების პროცესში, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ახალი არაფერია. "დეკემბრის ბოლომდე ჩვენ კიდევ გვაქვს დრო. ალბათ იქნება კიდევ რამდენიმე შეხვედრა და ეს ყველაფერი ცნობილი იქნება თქვენთვის და საზოგადოებისთვის", - განაცხადა კალაძემ.