წამყვანი საერთაშორისო და ევროპული ავიაკომპანიები სინაის საჰაერო სივრცეს აღარ გამოიყენებენ

დიდი ბრიტანეთი შარმ ელ-შეიხის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

წამყვანმა საერთაშორისო და ევროპულმა ავიაკომპანიებმა სინაის ნახევარკუნძულზე ფრენები შეწყვიტეს.  სინაის საჰაერო სივრცეს აღარ გადაკვეთს Air France, KLM, Lufthansa, Fly Dubai, Jetairfly (ბელგია), Air Berlin, ასევე ქუვეითის, იორდანიის, ბაჰრეინის ავიახაზები. საჰაერო დერეფანს აღარ გამოიყენებენ რუსული „ურალის ავიახაზები“ და „ორენბურგის ავიახაზები“ და „კოგალიმავია“. ავიაკომპანიების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სინაის ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნას უკავშირდება.

ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში შეწყდება ფრენები დიდი ბრიტანეთი-შარმ ელ-შეიხის მიმართულებით. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა, ხელისუფლება ეჭვობს, რომ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა ბორტზე დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

საერთაშორისო ავიაკომპანიებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ეგვიპტის საავიაციო უწყების თხოვნითა და ევროკონტროლის ოფიციალური რეკომენდაციით მიიღეს.

ექსპერტთა მოსაზრებით, სინაის ნახევარკუნძულზე ფრენები რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ოფიციალური მიზეზების დასახელების შემდეგ აღდგება. რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შემდეგ ეგვიპტეში ტურების გაყიდვის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.