ანდრია გვიდიანი: სააკაშვილის რევოლუციური მისწრაფებები საქართველოს ბიზნესგარემოს სერიოზულად აზიანებს

სააკაშვილის "რევოლუციური" მისწრაფებები საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს სერიოზულად აზიანებს, - ამის შესახებ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ინფორმაციით, ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც მთავარი მოქმედი პირი საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხელ სააკაშვილია.  გვიდიანის აზრით, გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერების შინაარსი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს სერიოზულად აზიანებს და ამავდროულად, ბიზნესს არასტაბილურობის განცდას უქმნის.  "მოგეხსენებათ, პოლიტიკური სტაბილურობა ბიზნესის სწორად და გამართულად ფუნქციობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოწოდება და თუნდაც უმნიშვნელო მცდელობები, რაც პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვასა და მით უფრო, სისხლიანი რევოლუციური სცენარის განვითარებას უკავშირდება, ნეგატიურად აისახება ბიზნესის სტაბილურობაზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი შინაარსის მოწოდებები და უცხო ქვეყნიდან ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევა, ნეგატიური მესიჯია პოტენციური ინვესტორებისთვის. ინვესტორი, რომელიც ქვეყანაში კაპიტალის დაბანდებას გეგმავს, პირველ რიგში ითვალისწინებს პოლიტიკური სტაბილურობის ხარისხს, საფუძვლიანად აანალიზებს იმ გარემოებებს, თუ რამდენად დაცული იქნება მისი კაპიტალი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ. ამ შემთხვევაში კი გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი წამქეზებლური შინაარსის მოწოდები, უცხოელი ინვესტორების დაფრთხობის საფუძვლად შეიძლება იქცეს", - განაცხადა გვიდიანმა.

გვიდიანი ექსპრეზიდენტს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან, თავი დაანებოს დესტაბილიზაციის მცდელობებზე ფიქრს და ამგვარი გამოხდომებით ნუ უქმნის საფრთხეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. "მოვუწოდებ საქართველოს ექსპრეზიდენტ, ოდესის გუბერნატორ სააკაშვილს, თავი შეიკავოს ნებისმიერი სცენარით საქართველოში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მოწოდებებისგან. გაითვალისწინოს, რომ მისი ნებისმიერი სახით ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში მხოლოდ ნეგატიური შედეგების მომტანია. ყველა კარგად ხედავს, რომ სააკაშვილი დღეს, თავისივე თანაპარტიელებისთვისაც კი მხოლოდ პოლიტიკური ტვირთია და მეტი არაფერი. ბუნებრივია, მისი განცხადებები, რაც ბოლო დროს გავრცელებულ ჩანაწერებში გავრცელდა, მხოლოდ აზიანებს და ხელს უშლის საქართველოში ეკონომიკის განვითარებას", – აცხადებს გვიდიანი.