წამყვანი ლიტვური კომპანიების ხელმძღვანელებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და წამყვანი ლიტვური კომპანიების ხელმძღვანელების შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ტვირთისა და სარკინიგზო გადაზიდვების, წყლის და ნარჩენების მართვის სფეროს წარმომადგენელ ბიზნესმენებს საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო საუზმეზე შეხვდა. შეხვედრაში მონაწილებდნენ კომპანიები, რომლებიც კლაიპედას პორტში ოპერირებენ; ICT ინდუსტრიის წარმომადგენლების ასოციაცია Infobalt, რომელიც 140-ზე მეტ წევრს აერთიანებს; სახელმწიფო რკინიგზის ინფრასტრუქტურს მართვის კომპანია Lietuvos geležinkeliai და ლიტვის ლოჯისტიკის ეროვნული ასოციაცია LINEKA - ეს იმ წამყვანი კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელთა პირველი პირები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

სამუშაო საუზმე ლიტვის მრეწველთა კონფედერაციის პრეზიდენტის, ლიტვის მთავრობის ყოფილი კანცლერის, ლიტვაში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eika-ს საბჭოს თავმჯდომარე რობერტას დარგისის და ლიტვის მრეწველთა კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ არუნას ლაურინაიტისის ორგანიზებით გაიმართა.