აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა მანდარინის დაზღვეული ბაღები დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე აჭარის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან მაღრაძემ მანდარინის დაზღვეული ბაღები დაათვალიერა და ფერმერებთან აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის დეტალები განიხილა. ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ფერმერებს პროგრამის მენეჯერმა პროგრამით გათვალისწინებული სარგებლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  ლევან მაღრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ფერმერი, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარი უნდა გახდეს, ხელშეკრულების გაფორმებამდე დეტალურად გაეცნოს იმ პირობებს, რომელსაც პროგრამა ითვალისწინებს. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შესაბამისი სამსახური აგროდაზღვევის პროექტის მიმდინარეობის პროცესში გარკვეული სახის პრობლემის გაჩენის შემთხვევაში ოპერატიულად ჩაერთვება.

აჭარის რეგიონში აგროდაზღვევის პროგრამით ჯამში გაცემულია 3094 პოლისი. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 338,798 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 977ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ ჯამში 6,310,000 ლარი შეადგინა. საქართველოს მასშტაბით აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 27,239 პოლისი გაიცა. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 13,550,190 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 23,138 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულება ჯამში 189,184,698 ლარია.