ნატურალური თმის ფასი თანდათან ძვირდება

ნატურალური თმის ფასი თანდათან ძვირდება. მას შემდეგ, რაც საქართველოში არსებულმა სალონებმა თმის დაგრძელების მეთოდი მაქსიმალურად დახვეწეს, პროცედურაზე და შესაბამისად, ბუნებრივ თმაზე მოთხოვნაც გაიზარდა. ნებისმიერი ადამიანი გადააწყდება ქალაქის ქუჩაში, ძირითადად სალონების მიმდებარე ტერიტორიაზე, წარწერას: "ვიბარებ ნატურალურ თმას, მაღალი შეფასებით."  ამ სფეროში კონკურენცია საკმაოდ დიდია. არსებობს სალონები, რომლებიც თმას მისი ხარისხის, სიგრძისა და ფერის გამო აძლევენ მაღალ შეფასებას, არიან ისეთებიც, სადაც თმას გრამობით იბარებენ. ამ სალონების ნაწილში ბუნებრივ თმას სხვადასხვა პროცედურისთვის იყენებენ, თუმცა ზოგიერთი უბრალოდ იბარებს და აღნიშნული პუნქტებიდან, დიდი ალბათობით, თმა საქართველოს საზღვრებსაც სცდება.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია თმის ჩასაბარებელი ფასები და აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მსურველიც და სალონიც მოგებული რჩება, რადგან სტილისტების უმრავლესობა ბუნებრივი თმის ჩასაბარებლად მისულს ვარცხნილობასაც უფასოდ უკეთებს და ხშირად ნატურალურ თმას, რომელიც რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, საკმაოდ მაღალ შეფასებასაც აძლევს. თავად სალონი კი მას ძირითადად პარიკების, შინიონების დასამზადებლად და თმის დაგრძელების პროცედურებისთვის იყენებს, რაც იმდენად ძვირადღირებულია, რომ მომხმარებლები ხშირად განვადებასაც კი მიმართავენ. სალონების უმრავლესობაში ერთი გრამი თმის ჩასაბარებელი ფასი 80-90 თეთრს შეადგენს. ამ შემთხვევაში თმის სიგრძის ყველაზე მინიმალური ზომა 40 სანტიმეტრი უნდა იყოს. სალონებში, სადაც ნატურალურ თმას მისი ვიზუალიდან გამომდინარე აძლევენ შეფასებას, ჩასაბარებელი ფასები 20-დან 500 ლარამდე მერყეობს.

სალონის მენეჯერი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ არაერთ შემთხვევაში, თმის ჩაბარება ადამიანს სოციალური მდგომარეობის გამო უხდება:

"გასულ კვირასაც იყო ასეთი ფაქტი, გოგონამ თქვა, რომ ვერაფრით შეელეოდა იმ სიგრის თმას, სხვა სიტუაციაში, მაგრამ სამწუხაროდ, იმ ეტაპზე ალბათ, სხვა გზას ვერ ხედავდა. მართლა ძალიან ლამაზი და საოცარი ფერის თმა ჰქონდა. ყველაზე ხშირად მშობლებს მოზარდები მოყავთ თმის შესაჭრელად, მათ ძირითადად ჯანსაღი და რა, თქმა უნდა, ბუნებრივი ფერის თმა აქვთ, რაც გაცილებით ძვირად ფასობს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სოციალური ფაქტორი გადამწყვეტ როლს ასრულებს. ნატურალურ თმას ვიყენებთ დაგრძელების მეთოდში, ასევე შინიონებისა და პარიკების დასამზადებლად, ბოლო დროს პარიკები მამაკაცებშიც პოპულარული გახდა, თუმცა უფრო ხშირად მაინც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალბატონები მოგვმართავენ; ადამიანები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს იტარებენ. თმის ჩაბარების მსურველები ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ. ყოველ დღე 5 ან მეტი გოგონა მოდის სალონში და ხშირად რიგებიც გვაქვს ხოლმე."

თავად სალონი ჩაბარებულ თმას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკმაოდ ძვირად ღირებულ პროცედურებისთვის იყენებს და ამით დიდ მოგებასაც იღებს.

რაც შეეხება დაგრძელების მეთოდს, ამ ეტაპზე ძირითადად კერატინით, ანუ ცხელი მეთოდით და კაფსულებით დაგრძელება გამოიყენება. როგორც სტილისტები აღნიშნავენ, დღეს ორივე მათგანი იმდენად დახვეწილია, რომ თითქმის შეუძლებელია გაარჩიო დაგრძელებულია თმა თუ არა. ამ პროცედურის მინიმალური ფასი 150, ხოლო მაქსიმალური 1 500 ლარია.  სალონებში დაგძელების მეთოდში 5 სხვადასხვა ხარისხის თმას იყენებენ, ყველაზე დიდ თანხებთან დაკავშირებულია , ბუნებრივი, შეუღებავი მოზარდის თმა, ასეთი თმით დაგრძელება მსოფლიოში ითვლება ყველაზე ექსკლუზიურ და ძვირადღირებულ პროცედურად.

ევროპულ თმას  დაუზიანებელი იერსახე და ძირითადად სწორი სტრუქტურა გააჩნია. კარგია მათთვის, ვისაც ბუნებრივად სწორი და მსგავსი ტიპის თმა აქვს.ინდური, ბრაზილიური თმა ქიმიურად დაუმუშავებელია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეღებილი. აზიური/ჩინური თმა, რომელიც გადის სპეციფიკურ ქიმიურ დამუშავებას მაღალ ტემპერატურაზე, ღებავენ და უკეთებენ ლამინირებას, რაც ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ხარისხიან თმას და გამოუცდელი მომხმარებელი შესაძლოა, ადვილად მოტყუვდეს. სინამდვილეში ეს დაბალი ხარისხის თმაა და ძვირიც არ ღირს. ნახევრად სინთეთიკური და სინთეთიკური თმა - ეს თმის მსგავსი სინთეთიკური ბოჭკოებია, რომელსაც თმის შემცვლელს უწოდებენ. ასეთი თმა მალე ფუჭდება და ძნელად ივარცხნება. ამ შემთხვევაშიც საჭიროა მეტი სიფრთხილე, რადგან მომხმარებელი შეცდომაში არ შეიყვანოს სტილისტმა, რაც არცთუ ისე იშვიათად ხდება.

დაბოლოს, თუ გრძელ, ლამაზ, შეუღებავ თმას სალონში ისე შეიჭრით, რომ ჩაბარების სურვილს არ გამოთქვამთ, იზარალებთ, რადგან ამ შემთხვევაში მინიმუმ 200 ლარს დაკარგავთ. სამაგიეროდ გახარებული დარჩება სტილისტი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა მოუხერხოს თქვენს "ზედმეტ ტვირთს."

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE