ნორვეგიის მთავრობამ ვერეს ხეობის ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შესაქმნელად დამატებითი გრანტი გამოყო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვერეს ხეობის ციფრულ ტოპოგრაფიულ რუკას შექმნის.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პროექტის განსახორციელებლად 220 000 ევროს ოდენობის დამატებითი გრანტი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანომ გამოყო. მაღალი ხარისხის რუკა ყველა ტოპოგრაფიულ მონაცემს გააერთიანებს. საჯარო რეესტრმა მდინარე ვერეს აუზის ორთოფოტო გადაღება სექტემბერში დაასრულა. აეროგადაღებამ დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია მოიცვა. გადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტიქიის ზონის დეტალურ, ზუსტ ტოპოგრაფიულ მონაცემებს აერთიანებს. მაღალი ხარისხის ციფრული ტოპოგრაფიული რუკა სწორედ ამ ორთოფოტოებზე დაყრდნობით შეიქმნება.

ციფრული ტოპოგრაფიული რუკის დახმარებით, სახელმწიფო უწყებებს საშუალება ექნებათ, წინასწარ შეაფასონ გარემო პირობები და ეფექტურად დაგეგმონ ნებისმიერი სამუშაო, ამ სამუშაოსთვის საჭირო ტექნოლოგიები და ხარჯები. ამას გარდა, ეს მონაცემები უამრავ სფეროს, მათ შორის, ქალაქგეგმარებას, გარემოს დაცვას, ჰიდროლოგიას, გეომორფოლოგიასა და სხვა დარგებს გამოადგება. მათზე დაყრდნობით მუშაობა კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბევრი პრობლემის, მათ შორის, არასათანადო მშენებლობებისა თუ სხვა პროექტების განხორციელების თავიდან არიდებას.  საჯარო რეესტრმა ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად პროექტის "რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" განხორციელება იანვარში დაიწყო. 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ კი ნორვეგიის მთავრობამ ვერეს ხეობის აეროფოტო გადაღებისთვის პირველი დამატებითი გრანტი გამოყო. სტიქიის ზონის ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაც ამავე პროექტის ფარგლებში მოხდება.

პროექტი "რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" საქართველოს მთელი ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება.