ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ვადაზე ადრე დაასრულებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია და ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, საგზაო ნიშნებისა და რკინა-ბეტონის ღარების გადახურვა მიმდინარეობს. "საავტომობილო გზის მოცემულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა, ამ გზის საშუალებით 4 სოფელი (ახალქალაქი, ახალციხე, ნოსტე და მთიულთუბანი) ერთმანეთს და ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება", - ნათქვამია განცხადებაში.

საგზაო სამუშაოები მსოფლიო ბანკის "შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის მესამე პროექტის (SLRP-III)" ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 46 ათასი ლარია. სამუშაოებზე 60 ადამიანი დასაქმდა.