თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის თაობაზე ეთანხმება

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ვეთანხმები, - ასე ეხმაურება პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. "რა თქმა უნდა, ამას აქვს უარყოფითი მხარეც, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელმა გეგმიურს გადააჭარბა, მათი ეს ნაბიჯი ადეკვატური იყო. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მათ ერთ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი - რეფინანსირების განაკვეთების გაზრდა უფრო ადრეულ ეტაპზე უნდა მომხდარიყო, როცა დევალვაციამ პიკს მიაღწია. მაშინ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ, რადგან დევალვაცია პრიორიტეტი არ იყო. პრიორიტეტი იყო ინფლაცია, რომლის მაჩვენებელიც იმ დროისთვის საკმაოდ დაბალი იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5 %-მდე გაზარდა.