დიმიტრი ხუნდაძე: თეორიულად შესაძლებელია, რომ პენსიები გაიზარდოს და ალბათ გაიზრდება

თეორიულად შესაძლებელია, რომ პენსიები გაიზარდოს და ალბათ გაიზრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.  დეპუტატი "ღიმილისმომგვრელს" უწოდებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას პენსიის 50 ლარით მატებასთან დაკავშირებით. "გახსოვთ ჩემი პირველი განცხადება, როდესაც ვთქვი, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნაადრევი განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რომ ქვეყანაში პენსიები არ მოიმატებს. სწორედ ჩემი განცხადების შემდეგ იყო რიგი გარკვეული პოლიტიკური ფიგურებისა, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ეს არ არის რეალური და არის შეუძლებელი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები გავიარეთ, აქ ჩართული იყვნენ კომიტეტების, ფრაქციების თავმჯდომარეები და მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მოვძებნეთ რესურსი და თეორიულად შესაძლებელია, რომ პენსიები გაიზარდოს და ალბათ გაიზრდება. ახლა იგივე სახეები დგანან რიგში და ამბობენ, რომ პენსია იმაზე მეტად შეიძლება გაიზარდოს, ვიდრე ეს ჩვენ რეალურად დავამუშავეთ. ასე რომ, ისინი ცდებიან ყველაფერს და ცდებიან საკუთარ აზროვნებასაც", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი ჯერ ვერ აკონკრეტებს, თუ რა ოდენობით არის მოსალოდნელი პენსიის გაზრდა და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ამბობს, რომ მთავრობა და პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ ზრდა იყოს რეალური და მაქსიმალურად ყველა მიზნობრივ ჯგუფს შეეხოს. "ჩვენ ამასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვფიქრობ, პენსიის ზრდა ყველა პენსიონერს უნდა შეეხოს", - აღნიშნა ხუნდაძემ.

ამასთან, პარლამენტს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობისგან უკან უკვე დაუბრუნდა. მასში არაფერია შეცვლილი, მათ შორის არც პენსიების მიმართულებით.