საქართველოდან 10 თვის განმავლობაში მსოფლიოს 42 ქვეყანაში 28 101 431 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განვლილი 10 თვის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28 101 431 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 77,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხაზგასასმელია ექსპორტის მკვეთრი, 87%-იანი მატება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჩინეთის ბაზარზე, სადაც საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 1,8 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთი 2% (1 260 870 ბოთლი), ლატვია - 3% (924 792), ესტონეთი - 35% (389 274), გერმანია - 14% (211 236), ნიდერლანდები - 88% (47 232) და საფრანგეთი - 104% (29 100). ასევე აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა აშშ - 26% (209 339), იაპონია - 19% (126 686), კანადა - 66% (147 636), ექსპორტი აგრეთვე გაიზრდა ყირგიზეთში - 168% (172 536), ისრაელში - 212% (33 720), კორეაში - 37% (24 054) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი - 14 660 981, ყაზახეთი - 4 004 586, უკრაინა - 2 569 249, ჩინეთი - 1 807 955 და პოლონეთი - 1 260 870 ბოთლი.

რეგიონში არსებული ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-54%) და უკრაინაში (-61%) ექსპორტის მკვეთრი კლება აისახა 10 თვის ექსპორტის საერთო მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ითაა შემცირებული. ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 450 321 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 14,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს.  საქართველოდან მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7,1 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი, რაც თანხაში 21,7 მლნ აშშ დოლარია. განვლილ 10 თვეში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 104 580 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ეს კი თანხაში 403 ათასი აშშ დოლარია.

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით 115,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.