მინისტრის მოადგილემ ევროპარლამენტის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია გააცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებთან საჯად კარიმსა და ანდრეი მამიკინსთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ევროპარლამენტის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგია 2015-2020 გააცნო და ევროპის სამეზობლო პროგრამაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულია და არაერთი სახელმწიფო პროექტი ხორციელდება დარგის ხელშეწყობის მიზნით. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ENPARD-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ და ევროპარლამეტის წევრებს ENPARD-II-ის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, ფერმერთა რეგისტრაციის პროგრამისა და ექსტენციის განვითარების მნიშვნელობას. ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ლევან დავითაშვილმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობასა და შეთანხმების საფუძველზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. "საქართველოს ევროპული სახლის წევრობის პოტენციალი აქვს. ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა და გვსურს, რომ თქვენს მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში ჩანდეს თქვენი ევროპული არჩევანი", - განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საჯად კარიმმა.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის წევრებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისები დაათვალიერეს და მათ საქმიანობას გაეცნენ.