საქართველოში იმპორტირებული ჩაის დიდი წილი აზერბაიჯანზე მოდის

ნედლეულის მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასი ქართული ჩაის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს.

ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული.

საქართველოში ჩაის წარმოების ისტორია 1848 წლიდან იწყება, როდესაც ოზურგეთში და სოხუმის ბოტანიკურ ბაღში პირველი ნარგავები გაჩნდა. 1900 წელს ქართულმა ჩაიმ პარიზის გამოფენაზე საუკეთესო ხარისხის აღიარების ჯილდო მიიღო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ჩაის პლანტაციები 19 ათას ჰექტრამდე ფართობზეა შემორჩენილი, აქედან ექსპლუატაციაშია 2,4 ათას ჰექტრამდე, დანარჩენი 16,6 ათასი ჰექტარი გატყევებულია და ეკალბარდებითაა დაფარული, აქედან დაახლოებით 7,5 ათასი ჰექტარი რეაბილიტაციას ექვემდებარება.

ჩაის მწარმოებალი რეგიონები გურია, სამეგრელო, აჭარა და იმერეთია. საქართველოში, ჩაის კრეფის სეზონი, ხელსაყრელი პირობების გამო, 6 თვე გრძელდება.

სოფლის მეურეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში 2010 წელს 3 500 ტონა, 2011 წელს - 2 900 ტონა, 2012 წელს 2 600 ტონა, ხოლო 2013 წელს 3 300 ტონა ჩაი აწარმოეს. სამეგრელოს რეგიონში წარმოებულმა ჩაის პროცენტულმა მაჩვენებელმა 55% შეადგინა, აჭარის რეგიონზე ჩაის მთლიანი წარმოების 33% მოდის, ხოლო გურიის რეგიონზე - 12%.

2014 წლის მონაცემებით, ჩაის საექსპორტო ბაზრები მონღოლეთი, თურქეთი, გერმანია და რუსეთი იყო. 2014 წელს მონღოლეთში ჩაის ექსპორტმა 12%, თურქეთში - 34%, გერმანიაში - 18%, რუსეთში 8%, დანარჩენ ქვეყნებში კი - 28% შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2014 წელს იმპორტიორი ქვეყნები თურქეთი, ირანი, შრი-ლანკა და აზერბაიჯანი იყო. თურქეთიდან იმპორტირებულმა ჩაიმ 4%, ირანიდან - 6%, შრი-ლანკადან - 20%, აზერბაიჯანიდან - 37%, ხოლო დანარჩენი ქვეყნაბიდან - 33% შეადგინა.

2012 წელს ჩაის იმპორტის თანხობრივი მაჩვენებელი 5815 ათასი აშშ დოლარი იყო მაშინ, როცა ამავე წლის ექსპორტის მაჩვენებელმა 2 458 ათასი აშშ. დოლარი შადგინა. 2013 წელს იმპორტის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა და 7 039 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი კი შემცირდა და მან 2 251 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის გაზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2014 წელსაც: 2014 წელს იმპორტის მაჩვენებელი 8 573 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტის მაჩვენებელი - 2 329 ათასი აშშ დოლარი იყო.

2014 წლის მონაცემების მიხედვით, ჩაის საცალო ფასი ბაზარზე 28 ლარიდან (1 კგ. ჩაის ფოთოლის ღირებულება) 31 ლარამდე მერყეობდა. ჩაის ფოთოლზე ყველაზე დაბალი ფასი იანვარში დაფიქსირდა და მან 28.0 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე მაღალი ფასი მარტში დაფიქსირდა: 1კგ. ჩაის ფოთოლი 31.1 ლარი ღირდა.

ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, ჩაის შემთხვევაში ასე გამოიყურება: 1 ჰექტარ ფართობზე (პლანტაციის რეაბილიტაცია) საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 4 010 ლარია. უკუგების პერიოდი მე-5 წელია, ხოლო რენტაბელობის შიდა ნორმა (8 წელი) - 26%.

პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში ჩაის გარდა თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ბლის, ატმის, ხურმის, პომიდვრის, ხახვის, კიტრის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, მტკნარი წყლის თევზის, რძის პროდუქტების, თაფლის, და ხორბლის წარმოება მოხვდა.