30 ნოემბრიდან ”პალიტრა TV” ახალ საინფორმაციო ფორმატზე გადადის

30 ნოემბრიდან ”პალიტრა TV” ახალ საინფორმაციო ფორმატზე გადადის. შეიცვლება ტელეკომპანიის სახელი და ლოგო. არხს Palitra News დაერქმევა. მაუწყებლობა 24 საათიანი გახდება. როგორც Palitra TV-ის დირექტორმა, ინგა დადიანმა განაცხადა, საინფორმაციო ფორმატის მიხედვით, Palitra News-ზე ყოველდღიურად 200-მდე ახალი ამბავი გავა ეთერში. ყოველ საათში მომზადდება საინფორმაციო გამოშვება, ახალი ამბები ბიზნესის, კულტურის, სპორტის სფეროდან. ასევე სოციალური სიუჟეტები. მაყურებლები გაეცნობიან პრესის მიმოხილვას, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ”როიტერის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მთელი მსოფლიოდან.

Palitra News-ის მაყურებლები ინფორმირებული იქნებიან მსოფლიოს მთავარი ამბების შესახებ. ”24 საათიანი საინფორმაციო ფორმატი საქართველოში დღეს არ არის. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი, ვისაც საქართველოში ასეთი ტიპის მაუწყებლობა ექნება. დღის ნებისმერ მონაკვეთში მაყურებელი პირველი ჩვენგან გაიგებს სანდო და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ახალი ფორმატი ყველა ინტერესის სფეროს მქონე ადამიანს დააკმაყოფილებს. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სხვადასხვა სფეროდან სიახლე აინტერესებს, Palitra News-ზე ნებისმიერ დროს ახალ ამბავს გაიგებს”, - აღნიშნა ინგა დადიანმა. არხი HD ხარისხით გადის ეთერში და მისი მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება.