მადონას შემოსავლები შემცირდა

ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული თითქმის ორთვიანი პირველი ეტაპის მანძილზე მადონამ  24 შოუდან 45 899 978 დოლარი გამოიმუშავა, რაც მისივე 2012 წლის ტურნეს MDNA-ს შემოსავლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.ეს იმ ფონზე, როცა მიუხედავად იმისა, რომ მადონას ბოლო სტუდიური ალბომის მხარდასაჭერი ტურნე Rebel Heart Tour სრული ანშლაგით მიმდინარეობს და ჯამში 304,935 ბილეთი გაიყიდა.

როგორც ირკვევა კლების მიზეზი სწორედ ბილეთის ფასი გახდა, რომელიც თითქმის 50%-ით ნაკლებია წინა ტურნესთან შედარებით. მაგალითისთვის 5-6 ოქტომბრის კანადის ქალაქ ტორონტოში გამართული შოუდან შემოსავალმა 3,4 მლნ დოლარი შეადგინა, 2012 წელს კი იგივე დარბაზში მადონამ ასევე ორ კონცერტში 7,5 მლნ დოლარი გამომუშავა.

ანალიტიკოსების აზრით, ეს კლება ჭარბ საკონცერტო წელიწადს უკავშირდება და მიუხედავად ამ კონკრეტული ტურნეს შემოსავლების შემცირებისა, სხვა მომღერლების მოქმედ ტურნეებს მაინც უსწრებს და საბოლოდ მაინც შეინარჩუნებს პირველ ადგილს.

თუმცა სავარაუდოდ, 57 წლის მომღერლისთვის ეს არ იქნება საუკეთესო მოგების მომტანი ტურნე. როგორც ცნობილია მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ტურნეებს შორის სოლო მომღერლებში მადონა ლიდერია. მისმა 2008 წლის Sticky & Sweet ტურნემ 85 შოუდან 402 მლნ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო MDNA-ტურნემ ჯამში 305 მლნ დოლარს გადააჭარბა და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ტურნეებს შორის სოლო მომღერლებში მესამე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება მიმდინარე Rebel Heart ტურნეს, ის ამჯერად ევროპაში გრძელდება სადაც 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. მომავალი წლიდან კი კვლავ ჩრდ. ამერიკაში დაბრუნდება და აზიასა და ოკეანეთში გაგრძელდება, სადაც 27 მარტს ბრისბენში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მომღერალმა ამ ტურნეს განმავლობაში სტადიონებზე უარი თქვა და მხოლოდ სპორტული არენებით შემოიფარგლა, რაც თავისთავად იქონიებს გავლენას შემოსავლების საბოლოო მაჩვენებელზე, რომელსაც მომავალი წლის მარტში გავიგებთ.

მადონამ ბოლო სტუდიური ალბომის მხარდასაჭერი ტურნე სექტემებრში წამოიწყო. Rebel Heart Tour მოსფლიო მასშტაბით 81 ქალაქში გაიმართება.

კოკა კვირკველია